თეგი: კონრად ადენაუერის ფონდი

კონრად ადენაუერისა და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდებმა თბილისში ოფისები დახურეს

კონრად ადენაუერის ფონდი თბილისში ოფისს ხურავს. ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც კონრად ადენაუერის ფონდი ავრცელებს. ფონდის ინფორმაციით, 28 ივლისს საქართველოს მთავრობამ უარყო KAS-ის განაცხადები მისი პროექტების დაფინანსების შესახებ, რომლებიც წარდგენილი იყო ახალი „გრანტების შესახებ“ კანონის შესაბამისად. ფონდში აცხადებენ, რომ ინტენსიური ძალისხმევა, მათ შორის გერმანიის ფედერალური მთავრობის მხრიდან, ახალი ჩარჩოს ფარგლებში მათი საქმიანობის გაგრძელების უზრუნველსაყოფად, წარუმატებელი აღმოჩნდა. “პროექტების დამტკიცება შესაძლებელი მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩანდა, თუ ისინი აღარ შეესაბამებოდა ფონდის პოლიტიკურ ხასიათსა და მისიას. საქართველოში მხოლოდ ყოფნა, ჩვენი უშუალო მისიის შესრულების შესაძლებლობის გარეშე, კონრად-ადენაუერის ფონდისთვის მისაღები ალტერნატივა არ არის. შესაბამისად, ოფისის დახურვა წარმოადგენს გარდაუვალ შედეგს, რომელიც განპირობებულია საქართველოს მთავრობის მიერ ჩვენი საქმიანობის შეზღუდვით”, - აღნიშნულია განცხადებაში. ფონდი ხაზს უსვამს, რომ კვლავ ერთგული რჩება საქართველოსა და მისი დიდი ხნის პარტნიორების მიმართ. „ის ქვეყანაში იურიდიულ პირად რეგისტრაციას ინარჩუნებს, რათა პოლიტიკური გარემოებების შეცვლის შემთხვევაში დაბრუნების შესაძლებლობა ჰქონდეს,” - აღნიშნულია განცხადებაში. თბილისში საქმიანობას წყვეტს ფრიდრიხ ნაუმანის ფონდიც. მათი განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებები FNF-ს ქვეყანაში საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობას აღარ აძლევს. „მიმდინარე წელს ჩვენმა ფონდმა ახალი კანონის („გრანტების შესახებ“ კანონის) საფუძველზე განაცხადი წარადგინა, რათა ქვეყანაში კვლავ დაგვეფინანსებინა პროექტები და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა გაგვეგრძელებინა. ამასთან, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოითხოვეს, რომ პროგრამის თითოეული კომპონენტი საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებისთვის დაგვექვემდებარებინა და ყველა ღონისძიების განსახორციელებლად შესაბამისი ნებართვები მიგვეღო." ფონდის შეფასებით, ეს პირობები მის საქმიანობას აუცილებელ თავისუფლებას უზღუდავს. ფონდმა საქმიანობის გაგრძელების მიზნით განაცხადი შეიტანა, თუმცა ის 2026 წლის 28 ივლისს არ დაკმაყოფილდა. ამის გამო ფონდი აცხადებს, რომ საქართველოში საკუთარი ღირებულებებისა და პრინციპების შესაბამისად მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა აღარ აქვს. "ეს პირობები, თავისი არსით, ლიბერალური ფონდისთვის აუცილებელ სამოქმედო თავისუფლებას საფუძველს აცლის. მიუხედავად ამისა, ჩვენი განაცხადით მაინც ვცადეთ, გამოგვეყენებინა ყველა შესაძლებლობა, რათა საქართველოში საქმიანობა გაგვეგრძელებინა და მხარი დაგვეჭირა იმ ძალებისთვის, რომლებიც ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის იბრძვიან. თუმცა ეს განაცხადი 2026 წლის 28 ივლისს უარყოფილ იქნა. შესაბამისად, ჩვენ აღარ ვხედავთ შესაძლებლობას, გავაგრძელოთ ისეთი საქმიანობა, რომელიც ჩვენს ღირებულებებსა და პრინციპებს შეესაბამება," - ნათქვამია განცხადებაში. FNF საქართველოში 2002 წლიდან მუშაობდა. კონრად ადენაუერის ფონდი კი საქართველოში 2003 წლიდან საქმიანობდა.