თეგი: კონსტანტინე მალოფეევი
აშშ-ის პროკურატურამ რუსი ბიზნესმენისთვის $5,4 მილიონის ჩამორთმევა მოითხოვა
აშშ-ის პროკურატურამ საბანკო ანგარიშიდან 5,4 მილიონი დოლარის კონფისკაცია მოითხოვა. თანხა ეკუთვნის რუს ბიზნესმენ კონსტანტინე მალოფეევს, რომელიც ვაშინგტონმა აღმოსავლეთ უკრაინასა და ყირიმში სეპარატისტების დაფინანსებაში დაადანაშაულა და მას სანქციები დაუწესა. ნიუ-იორკის ფედერალურმა პროკურორებმა სასამართლოში განაცხადეს, რომ მათ ჰქონდათ ამის უფლება, რადგან მალოფეევი ცდილობდა ფულის მისი ბიზნეს პარტნიორისთვის გადაცემას, რაც აშშ-ის სანქციების დარღვევად მიიჩნევა. „მალოფეევთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, ის სავარაუდოდ, რუსეთში იმყოფება. ადრე მან სეპარატისტების დაფინანსების შესახებ ცნობები უარყო. აშშ-ის პროკურატურის ინფორმაციით კი, მალოფეევმა 2014 წლის მარტში გამოიყენა სეიშელის კუნძულებზე დარეგისტრირებული კომპანია ტეხასში დაფუძნებულ საბანკო ჰოლდინგ, Strategic Growth Bancorp-ში $10 მილიონის ინვესტიციისთვის“, - წერს Reuters-ი. მისივე თანახმად, პროკურორებმა განაცხადეს, რომ მალოფეევმა კომპანია ერთ დოლარად მიჰყიდა ბერძენ ბიზნესპარტნიორს, რომელიც არ არის დასახელებული, მაგრამ გაყიდვის ხელშეკრულება 2014 წლის ივლისით, სანქციების დაწესებამდე იყო დათარიღებული. გამოძიების თანახმად, ტეხასის ბანკი მალოფეევის წილების მფლობელად აღიარებას აგრძელებდა. პროკურორებმა განაცხადეს, რომ მალოფეევის აქციები ნაღდ ფულად კონვერტირდა და ჩაირიცხა დაბლოკილ ანგარიშზე, როდესაც Strategic-ი დენვერში დაფუძნებულ Sunflower Bank-თან გაერთიანდა 2016 წელს. თავად მალოფეევს ბრალი მარტში, სანქციების თავიდან აცილებასა და ევროპაში მედია ორგანიზაციების ფარულად შეძენის მიზნით, თანამოაზრეების გამოყენებაში წაუყენეს.