თეგი: კრიმსკი
რუსეთში, კრიმსკში სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
რუსეთის ფედერაციის, ქალაქ კრიმსკის მცხოვრებმა ერთ-ერთი სამედიცინო ცენტრის შენობაში ცეცხლი გახსნა, შემდეგ კი გარეთ გავიდა და გამვლელებს დაუწყო სროლა. ინფორმაციას რუსული მედია, შინაგან საქმეთა სამინისტროს კრასნოდარის მთავარი სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. სროლის შედეგად სასიკვდილოდ დაშავდა სამედიცინო ცენტრის ორი თანამშრომელი და ერთი გამვლელი. დაჭრილია კიდევ ერთი პირი, რომელიც სროლის დროს სამედიცინო ცენტრთან შემთხვევით იმყოფებოდა. 1956 წელს დაბადებულმა კაცმა, რომელმაც ცეცხლი გახსნა, თავი მოიკლა. პოლიცია მომხდარის გარემოებებს, მათ შორის დანაშაულის ჩადენის მოტივებს იძიებს, განაცხადეს რეგიონის შსს-ს წარმომადგენლებმა. ტელეგრამის არხები, მათ შორის 112 და Mash, წერენ, რომ იარაღიდან ვლადიმერ ჟიროვმა ისროლა, რომელმაც ყოფილ მეუღლესთან სასამართლო პროცესი წააგო. განაჩენის გამოტანის შემდეგ მან ქალის შევიწროება და მუქარა დაიწყო. ტელეგრამის არხის ცნობით, ქალი სავაჭრო ცენტრში შევარდა და დახმარება სთხოვა, მაგრამ ყოფილმა ქმარმა ცეცხლი გახსნა. შემდეგ შვილთან მივიდა და სახლთან თავი მოიკლა.