თეგი: კრის რი

ცნობილი მომღერალი კრის რი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა

მომღერალი კრის რი, რომელიც ცნობილი იყო ჰიტებით, მათ შორის, „Driving Home For Christmas“, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ მისი ოჯახის წარმომადგენელმა განაცხადა.  მიდლსბროში დაბადებულმა კრის რიმ პოპულარობა 1970-იანი წლების ბოლოს და 1980-იან წლებში მოიპოვა ისეთი ჰიტებით, როგორიცაა, Fool (If You Think It's Over), Let's Dance და The Road To Hell. მისი სადებიუტო ალბომი, სახელწოდებით - Whatever Happened To Benny Santini? 1978 წელს გამოვიდა. ალბომში შესული სიმღერა Fool (If You Think It's Over) გრემის ნომინაციაზე იყო წარდგენილი. როდესაც 1989 წელს გამოვიდა ალბომი „გზა ჯოჯოხეთისკენ“, ის დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი უდიდესი სოლო ვარსკვლავი გახდა. მისი ცნობილი სადღესასწაულო სიმღერა „Driving Home For Christmas“, რომელიც პირველად 1986 წელს გამოვიდა, წლევანდელ M&S Food-ის საშობაო რეკლამაშია წარმოდგენილი.  კრის რიმ სამსახური პირველად, ნაყინის საოჯახო ბიზნესით დაიწყო - მამამისი იტალიელი იყო, დედა კი, ირლანდიელი. გიტარაზე დაკვრის შემდეგ, მალევე დაიწყო სხვადასხვა ჯგუფში დაკვრა და 1978 წელს გამოუშვა სადებიუტო ალბომი Whatever Happened To Benny Santini? ის 1980-იანების მიწურულის ერთ-ერთი პოპულარული მომღერალი და სიმღერების ავტორი იყო.