თეგი: კულტურის დღეები

მოსკოვში ქართული კულტურის დღეები გაიმართება

11-13 დეკემბერს მოსკოვში ფართომასშტაბიანი ღონისძიება, ქართული კულტურის დღეები იგეგმება. რადიო თავისუფლების ცნობით, ორგანიზატორი რუსეთში მცხოვრები ქართველების გაერთიანება - „ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომიაა“. გაერთიანების ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ქართული კულტურის დღეების ფარგლებში გაიმართება კონფერენცია მიგრაციისა და ტრანსპორტის საკითხებზე, ქართული დიასპორის ასოციაციების ხელმძღვანელების შეხვედრები, ასევე გამოფენები, ქართული კულინარიის მასტერ-კლასები და ლექციები. ღონისძიება დასრულდება გრანდიოზული კონცერტით „ჩვენ ერთად", რომელიც დიდ საკონცერტო დარბაზ„"კოსმოსში" გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი, ისე რუსი შემსრულებლები და ქორეოგრაფიული ანსამბლები. კონცერტში მონაწილეთა სიას ქართული დიასპორის ორგანიზაცია ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს. იუწყებიან, რომ დამატებითი დეტალები პროგრამის შესახებ პირველ დეკემბრიდან გამოქვეყნდება ეტაპობრივად მათ ტელეგრამის არხზე. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ღონისძიების ორგანიზატორი ორგანიზაციის პრეზიდენტი 1982 წელს ბათუმში დაბადებული დავით ცეცხლაძეა. დავით ცეცხლაძემ და მისმა ორგანიზაციამ 2021 წლის 25 თებერვალს პუტინს საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის თხოვნით მიმართეს. ​