თეგი: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტო
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან გათავისუფლებულმა თანამშრომელმა სასამართლო დავა მოიგო
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ყოფილმა თანამშრომელმა, ანი შეროზიამ სასამართლოში შრომითი დავა მოიგო. ამის შესახებ ინფორმაციას მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება 2024 წლის 29 მარტს გამოაცხადა საქმეზე ანი შეროზია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ, რომლითაც დაკმაყოფილდა მისი სარჩელი. „სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ანი შეროზიას სამსახურიდან გათავისუფლება და ბათილად ცნო ბრძანება, რომლითაც ანი შეროზია სამსახურიდან გათავისუფლდა, ასევე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოს დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ამასთან სააგენტოს ანი შეროზიას სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით 1000 ლარის ანაზღაურება, ვინაიდან სასამართლო, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში ჩატარებული მავნებლური რეორგანიზაციის შემდეგ, სააეგენტოს ვერ დაავალდებულებს დასაქმებული აღადგინოს დაკავებულ თანამდებობაზე, რაც სააგენტოსთვის დიდი დანაკლისი იქნება," - წერია პროფკავშირის განცხადებაში. პროფკავშირის ინფორმაციით, ეს უკვე მე-19 სასამართლო პროცესია, რომელიც კულტურის სამინისტროს სისტემიდან გათავისუფლებულმა ადამიანებმა მოიგეს. ანი შეროზია სააგენტოში ეთნოგრაფიული და არქეოლოგიური მასალის ერთადერთი რესტავრატორი იყო. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში 2022 წელს ორჯერ ჩატარდა რეორგანიზაცია, იანვარსა და ოქტომბერში. ამ პროცესის შედეგად 80-ზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა - თითქმის ყველა მათგანის გათავისუფლებას წინ უძღოდა გასაუბრება, რომელსაც, თავად როგორც დაკითხვას, ისე იხსენებენ.