თეგი: კუნსძული მაუი
ჰავაის კუნძულ მაუიზე ტყის ხანძრის მსხვერპლთა რაოდენობა 80-მდე გაიზარდა
ოფიციალური პირების თქმით, ჰავაის კუნძულ მაუის ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 80-მდე გაიზარდა. BBC-ის თანახმად, არსებობს შიში, რომ დაღუპულთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. ოფიციალურად ეს ტყის ხანძარი გახდა აშშ-ის შტატის ყველაზე საშინელი სტიქიური უბედურება. მეხანძრეები ხანძრის ჩაქრობას რამდენიმე რაიონში ცდილობენ, მათ შორის არის ისტორიული ქალაქი ლაჰაინა, რომელიც მთლიანად განადგურებულია. BBC-ის ცნობით, კუნძულ მაუიზე ბევრი მდიდარი ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის Amazon-ის დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი. მედიის ცნობით, ბეზოსი 100 მილიონ დოლარს (79 მილიონი ფუნტი) გაიღებს ხანძრის მსხვერპლთა დასახმარებლად. ხანძარი 8 აგვისტოს გაჩნდა. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა მის გავრცელებას ქარმა და მშრალმა ამინდმა შეუწყო ხელი. მაუი სიდიდით მეორე კუნძულია ჰავაის კუნძულებში - 1885,5 კმ² ფართობით, ხოლო - მე-17 აშშ-ის კუნძულებს შორის. მაუი ჰავაის შტატის ნაწილია და ასევე მაუის საგრაფოს უდიდესი კუნძულია. ამავე საგრაფოს ეკუთვნის ასევე კუნძულები ლანაი, კაჰოოლავე და მოლოკაი. ოთხ კუნძულს ერთად უწოდებენ მაუი-ნუის.