თეგი: კუსტარული საწარმო

თბილისში ნახევარ ტონამდე გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი გამოავლინეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფებმა ლილოს დასახლებაში, იგორ ტყემელაძის 14 ა ნომერში, ხორცისა და ხორცპროდუქტების გადამამუშავებელი კუსტარულად მოწყობილი საწარმო გამოავლინეს, რომელიც სურსათის ეროვნული სააგენტოს გვერდის ავლით საქმიანობდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, საწარმოში გაურკვეველი წარმომავლობის ნახევარ ტონამდე ხორცი, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა, კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები, ეტიკეტირების წესის დარღვევა გამოვლინდა. სეს-ის განმარტებით, ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშეც ფუნქციონირებდა. „სახეობრივი კვლევის მიზნით (ცხენისა და ვირის იდენტიფიკაცია), აღებულია ნიმუშები, რომლებიც ლაბორატორიული კვლევისთვის გაიგზავნება აკრედიტებულ ლაბორატორიაში (სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია). ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი, დალუქული ხორცი განადგურდება სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით, კანონმდებლობის შესაბამისად. სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი საქართველოს მასშტაბით ყოველდღიურად ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული მომხმარებელთა ჯანმრთელობა და უფლებები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.