თეგი: ლარს ლოკკე რასმუსენი

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზთან: რუსეთი საქართველოს სუვერენულ მიწას იტაცებს

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლარს ლოკკე რასმუსენი, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზთან. მასთან ახლდა საქართველოში დანიის ელჩი, ტოფტ სორენსენი და დელეგაცია დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროდან და პარლამენტიდან. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცნობით, ვიზიტის დროს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა დელეგაციას მიაწოდეს ინფორმაცია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთოხების კუთხით განვითარებული უკანასკნელი მოვლენების შესახებ. საგარეო საქმეთა მინისტრ რასმუსენს ჰქონდა საშუალება, თავად ენახა, თუ რა უარყოფითი გავლენა აქვს ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებაზე ღობეების და სათვალთვალო კოშკურების მსგავს „ბორდერიზაციის“ ნიშნებს. „დანია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს. რუსეთი თანდათანობით იტაცებს საქართველოს სუვერენულ მიწას. ტრაგიკულია იმის მოსმენა, თუ როგორ ჰყოფს ეს ყველაფერი ოჯახებსა და სოფლებს. დანია გააგრძელებს ჩვენს დახმარებას ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელშესაწყობად“,  - განაცხადა ლარს ლოკკე რასმუსენმა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა განმარტეს, რომ ვითარებას აუარესებს გადაკვეთის პუნქტების დახურვა საოკუპაციო ხაზის გადასწვრივ რეგულარული მოძრაობისთვის, თვის პირველი ოცი დღის განმავლობაში. მათ ხაზი გაუსვეს, რომ მისია აგრძელებს გადაკვეთის პუნქტების სრულად ფუნქციონირების აღდგენისკენ მოწოდებას ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ, რაც ადგილობრივ მოსახლეობას მისცემს უფრო უსაფრთხოდ ცხოვრების და საკუთარი საარსებო წყაროების უკეთ უზრუნველყოფის შესაძლებლობას. საგარეო საქმეთა მინისტრმა რასმუსენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა დანიის ურყევი მხარდაჭერა და მადლიერება მისიის საქმიანობის მიმართ. ინფორმაციისთვის, დანია მისიაში თანამშრომელთა მოვლინებით ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს და წარმოდგენილია, მისიაში ამჟამად მომსახურე დანიის თხუთმეტი მოქალაქით, რომელთა ნაწილი ჩვენს რეგიონალურ ოფისებში არიან დამკვირვებლები.