თეგი: ლაშა ფარულავა
ცესკო „პლატფორმა 20/20“-ის აღმასრულებელი დირექტორის ლაშა ფარულავას ბრალდებებს პასუხობს
ცესკო „პლატფორმა 20/20“-ის აღმასრულებელი დირექტორის ლაშა ფარულავას ბრალდებებს პასუხობს. როგორც ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მიუღებელია კონკრეტული პირების მხრიდან საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებების და შეურაცხყოფის ტირაჟირება სხვადასხვა წყაროებით. „მაგალითად, აქვთ მცდელობა საზოგადოების თვალში 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევის პროცესი დააზიანონ, რასაც უკვე აქვს კამპანიური ხასიათი. საარჩევნო ადმინისტრაციისა და მისი კონკრეტული თანამშრომლების მიმართ დეზინფორმაციისა და ცილისწამების კამპანია დღეს ორკესტრირებულად გაგრძელდა ზოგიერთ მედიასაშუალებაში თითქმის იდენტური სიუჟეტებით. „პლატფორმა 20/20-ის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა ფარულავამ დღეს გაავრცელა დეზინფორმაცია ხსენებული პროცესის მიმართ (მისი პოზიციები კი საეჭვოდ ემთხვევა ცალკეული ძალების დაუფარავ საქმიანობას საარჩევნო ადმინისტრაციის პოლიტიკურად მოტივირებული დისკრედიტაციისთვის), მაშინ როცა, შუალედური არჩევნების გამოცხადების მომენტიდან, საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეული ნაბიჯი გამოირჩეოდა მაღალი გამჭვირვალობით და საჯაროობით, როდესაც ცესკოს თითოეული წევრი - პროფესიული ნიშნით არჩეული თუ პარტიების მიერ დანიშნული, აქტიურად იყო ჩართული საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევისას გასაუბრების პროცესში. გასაუბრება კანდიდატებთან წარიმართა ცესკოს სოციალურ ქსელებში პირდაპირი ტრანსლირებით (კონკურსანტების თანხმობით); ცესკოს წევრების უმრავლესობამ გამოიყენა მათთან გასაუბრების შესაძლებლობა. პირდაპირი ეთერით წარიმართა ცესკოს სხდომაც, სადაც საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრები აირჩიეს", - აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის აღმასრულებელი დირექტორმა ლაშა ფარულავამ განაცხადა, რომ შუალედური არჩევნებისთვის ცესკოს მიერ საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შერჩევის კონკურსი ფორმალური იყო და მიუკერძოებლობის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.