თეგი: ლევან ბეჟაშვილი

„ნაციონალური მოძრაობა“ „საქართველოში რუსული გავლენების აგენტების რეესტრს“ ქმნის

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „საქართველოში რუსული გავლენების აგენტების რეესტრს“ ქმნის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. გარდა ამისა, ბეჟაშვილი საერთაშორისო პარტნიორებს აღნიშნულ რეესტრში შეყვანილი პირების სანქცირებისკენ მოუწოდებს. „საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებული “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის პროექტი წარმოადგენს დასავლური ღირებულებების სრულ უგულებელყოფას და რუსული გავლენების გაძლიერებას. ამ კანონის ინიცირება არის აღიარება, რომ ისინი უარს ამბობენ და ეწინააღმდეგებიან საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის არჩევანს და ღიად აწარმოებენ ანტიდასავლურ პოლიტიკას. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ამ კანონის მხარდაჭერა იქნება საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა, ვინაიდან პარლამენტის, როგორც კონსტიტუციური ორგანოს ვალდებულებაა მიიღოს ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციებში გაწევრიანებისთვის. ეს კანონი უარყოფით გავლენას იქონიებს ისტორიულ შანსზე - საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე", - განაცხადა ბეჟაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა 28 თებერვალს განაცხადა, რომ „უცხოური გავლენების შესახებ“ კანონს ვეტოს დაადებს.