თეგი: ლევან დავითშვილი

ლევან დავითაშვილი: 2022 წელს საქართველოს ექნება იმაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, ვიდრე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებდნენ

2022 წელს საქართველოს ექნება იმაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, ვიდრე ამას კრიზისის დასაწყისში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებდნენ, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მიმდინარე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „პანდემიის პარალელურად რუსეთ-უკრაინის ომმა და დაძაბულმა გეოპოლიტიკურმა მდგომარეობამ რეგიონში, პოსტპანდემიური აღდგენის პროცესში მყოფი ჩვენი ეკონომიკა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა, რამაც, ბუნებრივია, მნიშვნელოვნად შეცვალა ეკონომიკურ პოლიტიკის ორიენტირი, რათა არსებული გამოწვევების კვალდაკვალ მოგვეხდინა ადეკვატური რეაგირება და მომხდარიყო ახალი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება. აღსანიშნავია, რომ საქართველომ, გამოწვევების მიუხედავად, შეძლო როგორც ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნება, ისე ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ტენდენციის გაგრძელება“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.  

ლევან დავითაშვილი ჰესებზე: იმედი მაქვს, მსხვილ პროექტზე შეთანხმებები მიმდინარე წელს გვექნება

„რეგულარულად, ყოველ თვე იმართება მსოფლიოს წამყვან ენერგეტიკულ კომპანიებთან მსხვილ პროექტებზე საუბარი. როდესაც ჩვენ დავაახლოებთ პოზიციებს, უკვე შეიძლება შეთანხმებაზე ვისაუბროთ. იმედი მაქვს, რომ მსხვილ პროექტზე შეთანხმებები მიმდინარე წელს გვექნება, რომ განხორციელების უფრო აქტიურ ეტაპზე გადავიდეთ,“ - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, „ნენსკრას“ პროექტის განახლება გასულ წელს დაიწყო, ამ ეტაპზე მიდის კვლევები, რომელსაც უწყება და პოტენციური ინვესტორი ახორციელებს. „რაც შეეხება მსხვილ ენერგეტიკულ პროექტებს, იცით, რომ მუშაობა მიდის რამდენიმე მიმართულებით. ჩვენ გვქონდა გარკვეული შეთანხმება „ნენსკრასთან“ დაკავშირებით, რომელიც მოიცავს გარკვეულ ვალდებულებას ორივე მხარისას იმისთვის, რომ უკვე კონკრეტული კონტრაქტი დაიდოს, პროექტის განახლება გასულ წელს დაიწყო, ამ ეტაპზე მიდის კვლევები, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ და ასევე, პოტენციური ინვესტორი. ამ კვლევების დასრულების შემდეგ კონკრეტულ ეტაპზე გადავალთ, კვლევები, რომელიც მათ შორის, გარემოს დაცვის, სოციალური და ბევრი სხვა, იმისთვის, რომ ჩვენ კონკრეტულ რიცხვებზე გავიდეთ და კონკრეტულად დაფინანსების საკითხები გადაწყდეს დონორებთან. ეს დონორებისთვის არის მნიშვნელოვანი და საჭირო. „ქეი ვოთერი“ იმუშავებს დონორებთან, დონორების მოთხოვნები, რომ შესრულდეს. რაც შეეხება „ნამახვანთან“ და „ხუდონთან“ დაკავშირებით, „ხუდონთან“ დაკავშირებით თქვენ იცით, რომ ჩვენ ჩავატარეთ კვლევები, ამაზეც საუბარი იყო, ალტერნატივები განვიხილეთ, იქ არის 12 სხვადასხვა სცენარი, რომელიც სხვადასხვა ტიპის ზემოქმედებას მოიცავს, როგორც სოციალურ, ისე კულტურულ ლანდშაფტზე, მათ შორის, ბუნებრივ ლანდშაფტზე. ენერგეტიკული მიმართულებით, რომელს ექნება უფრო მეტი უპირატესობა და ნაკლები იქნება ზემოქმედება, როგორც გარემოზე, ისე სოციალური კუთხით, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას. აქ ფაქტობრივად, სწორი ბალანსია მოსაძებნი ენერგეტიკასა და ზემოქმედებას შორის და ეს არის მთავარი მოტივაცია, ანუ გამოკვეთილია რამდენიმე ალტერნატივა, რომლის დამუშავება ხდება, ალბათ, ჩვენ დავიწყებთ აქტიური განვითარების ეტაპზე გადასვლას მიმდინარე წელს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი და მონაწილეობა, ამიტომ ენერგეტიკის განვითარების ფონდი იქნება ძირითადი, წამყვანი ძალა ყველა პროექტში, თუმცა არ იქნება მთავარი ინვესტორი ან ინვესტორები შეიძლება პროექტში შემოვიყვანოთ. აქაც რამდენიმე მნიშვნელოვანი, დაინტერესებული საერთაშორისო წამყვანი ენერგეტიკული კომპანიაა, რომელთანაც დიალოგი გვაქვს და ეს პროცესი მიმდინარეობს ინტენსიურად სამინისტროში. შეიძლება, წარმოიდგინოთ, რომ რეგულარულად ყოველ თვე იმართება მსოფლიოს წამყვან ენერგეტიკულ კომპანიებთან, ამ მსხვილ პროექტებზე საუბარი. როდესაც ჩვენ დავაახლოებთ პოზიციებს უკვე შეიძლება შეთანხმებაზე ვისაუბროთ. მე იმედი მაქვს, რომ ამ მსხვილ პროექტზე შეთანხმებები მიმდინარე წელს გვექნება, რომ გადავიდეთ განხორციელების უფრო აქტიურ ეტაპზე. რაც შეეხება ფოთის პორტის გაფართოებას, აქაც ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, ბევრი დეტალი გავიარეთ, არის საკითხების დიდი ნაწილი, რომელიც შეთანხმდა, არის გარკვეული საკითხები, რომელიც უნდა შეთანხმდეს იმისთვის, რომ საბოლოოდ ესეც გადავიდეს განხორციელების ეტაპზე,“ - განაცხადა დავითაშვილმა.