თეგი: ლეუტუვა
ლიეტუვა უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას უგზავნის
ლიეტუვის მთავრობამ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება. ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, არვიდას ანუშაუსკასმა 25 მაისს, მონაწილეობა მიიღო რამშტეინის ფორმატში გამართულ ონლაინ შეხვედრაში, სადაც აღნიშნა უკრაინის ევროატლანტიკური პერსპექტივის მნიშვნელობა და ლიტუვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა. „უკრაინის გამარჯვება არის ერთადერთი რამ, რასაც შეუძლია მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენა ევროატლანტიკურ ზონაში“, - განაცხადა მინისტრმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლიეტუვა კვლავაც უკრაინის თანმიმდევრული მეგობარია. ანუშაუსკასის თქმით, ლიეტუვიდან უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს დრონის საწინააღმდეგო აღჭურვილობას, საბრძოლო მასალას, საკვებ რაციონს და სხვა სახის დახმარებას. აღნიშნა, რომ ლიეტუვის სამხედრო დახმარება უკრაინას მალე 465 მილიონ ევროს მიაღწევს. მთავრობის წარმომადგენელმა ასევე ხაზი გაუსვა უკრაინელი სამხედროების მომზადების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ლიეტუვამ მნიშვნელოვნად გაზარდა წვრთნების მოცულობა და მასზე მომუშავე ინსტრუქტორთა რაოდენობა. წვრთნების გარდა, წელს ლიეტუვის სამხედრო დახმარება მოიცავს სამხედრო აღჭურვილობისა და იარაღის გადაცემას, სამედიცინო მკურნალობას და რეაბილიტაციას, ასევე, საერთაშორისო ფონდებში უკრაინის მხარდასაჭერად შენატანებს.