თეგი: ლინდა თომას გრინფილდი
გაეროში აშშ-ის ელჩის თქმით, კრემლს 9 მაისს საზეიმო არაფერი აქვს
აშშ-ის ელჩმა გაეროში ლინდა თომას-გრინფილდმა კვირას განაცხადა, რომ კრემლს 9 მაისს საზეიმო არაფერი აქვს. მისივე თქმით, ცნობები უკრაინული სკოლის დაბომბვის შესახებ შეიძლება, დაემატოს ომის დანაშაულების გრძელ სიას. „მათ ხვალ არაფერი აქვთ აღსანიშნავი. მათ ვერ მოახერხეს უკრაინელების დამარცხება, ვერც მსოფლიოს დაყოფა და ვერც NATO გაყოფა", - განაცხადა თომას-გრინფილდმა CNN-თან. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.