თეგი: ლოკოკინა

ევროკავშირში ქართული ლოკოკინის ექსპორტი დაიწყო

ევროკავშირის ბაზარზე  ქართული ლოკოკინის ექსპორტი დაიწყო. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლიოს მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით იტალიაში სამ  ტონამდე ქართული ლოკოკინის პირველი პარტი გავიდა. ევროკომისიის (ევროკომისიის  2021 წლის 22 დეკემბრის EU 2022/34  რეგულაცია) გადაწყვეტილებით, ევროკავშირის ბაზარზე საქართველოდან  ლოკოკინების ექსპორტი 2021 წლის დეკემბრიდანაა დაშვებული. ამ რეგულაციის მიღებას წინ უძღოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით გატარებული ღონისძიებები, რომლებიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში მომზადდა. „ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების მნიშვნელოვანი წილი ევროპის ბაზარზე ქართული პროდუქციის დაშვებაზეა ორიენტირებული. დღეის მდგომარეობით, საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე ნებადართულია საქართველოდან  ქართული თაფლის (2016 წლიდან),  შავი ზღვის ქაფშიის (2017 წლიდან), შინაური ბინადარი ცხოველების (ძაღლი, კატა) საკვების (2020 წლიდან) და გარკვეული კატეგორიის არასასურსათო დანიშნულების ცხოველური წარმოშობის პროდუქტის (ტყავი, მატყლი) ექსპორტი“, - აცახდებენ სამინისტროში.  ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას (DCFTA) საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 27 ივნისს, ქალაქ ბრიუსელში მოაწერა ხელი.