თეგი: ლუის გრაჩა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი: ქართველი ხალხი მშვიდობიან და დემოკრატიულ მომავალს იმსახურებს
საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სამხრეთ კავკასიაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი ლუის გრაჩა (პორტუგალია) განცხადებას ავრცელებს. ლუის გრაჩა ყველა მხარეს კონსტრუქციულ დიალოგისკენ მოუწოდებს. ლუის გრაჩას თქმით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა დიალოგის ხელშეწყობის მიზნით დახმარებისთვის მზად არის. მისი შეფასებით, ქართველი ხალხი მშვიდობიან და დემოკრატიულ მომავალს იმსახურებს: „ჩვენი ასამბლეა ამ მიზნის მიღწევის მცდელობების მხარდაჭერის ერთგული რჩება,“ - აცხადებს სამხრეთ კავკასიაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი. „ბოლოდროინდელი დემონსტრაციებისას ძალადობის შესახებ ცნობები საგანგაშოა. ოდირის მიერ გამოთქმულ შეშფოთებას ვიზიარებ. ასევე, ყველა დემონსტრანტს კანონის უზენაესობის პატივისცემით მშვიდობიანი პროტესტის უფლების გამოყენებისკენ მოვუწოდებ, რადგან ძალადობრივი ქმედებები დაუშვებელია. ჩემი მოწოდებაა, რომ საპროტესტო აქციები მშვიდობიანი იყოს. ამავდროულად, იმის ხაზგასმით, რომ პოლიცია ვალდებულია დემონსტრანტების წინაშე თავშეკავება გამოიჩინოს, მნიშვნელოვანია ის, რომ ხელისუფლებამ დემონსტრანტებს მოუსმინოს და ფუნდამენტურ თავისუფლებებს პატივი სცეს.“ „როგორც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარ დასკვნებშია აღნიშნული, არჩევნები ღრმად პოლარიზებულ გარემოში ჩატარდა, რასაც დღესაც ვხედავთ. ყველას მოვუწოდებ, რომ ეუთო/ოდირის მომავალი საბოლოო ანგარიში გაითვალისწინონ და ასევე, ყველა მხარეს მოვუწოდებ, რომ ნდობის აღდგენისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიზნით კონსტრუქციულ და ღია დიალოგში ჩაერთონ,“ - აღნიშნავს გრაჩა.