თეგი: ლუკა მაისურაძე
ძიუდოში მოქმედ ქართველ ჩემპიონს ერთწლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს
ძიუდოში მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ლუკა მაისურაძე პარიზის ოლიმპიადაზე ვერ იასპარეზებს. ანტიდოპინგური სადისციპლინო საბჭოს გადაწყვეტილებით, 26 წლის სპორტსმენს ორგანიზმში აკრძალული ნივთიერების აღმოჩენის გამო, ერთწლიანი დისკვალიფიკაცია ექნება. როგორც საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს (GADA) ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადებაში წერია, სპორტსმენმა 2023 წლის 12 აპრილს, არასაშეჯიბრო ტესტირების დროს ჩააბარა ნიმუში, რომელიც გაიგზავნა მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ (WADA) აკრედიტებულ ლაბორატორიაში, გერმანიის ქალაქ კიოლნში. სადისციპლინო საბჭოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ გერმანულ ლაბორატორიაში მაისურაძის ნიმუშში „ოსტარინი” აღმოჩნდა, რომელიც WADA-ს აკრძალული სიის S1 კლასის მიხედვით ითვლება აკრძალულ განუსაზღვრელ (არა-სპეციფიკური) ნივთიერებად. სააგენტოში აცხადებენ, რომ ლუკა მაისურაძეს არ ჰქონდა თერაპიული გამოყენების გამონაკლისი , რომელიც გაამართლებდა მის ორგანიზმში აღნიშნული ნივთიერების არსებობას. დოკუმენტის თანახმად, აღნიშნულის შემდეგ, „ოსტარინის“ წყაროს აღმოსაჩენად, მაისურაძის და მისი გუნდის მიერ ჩატარებული გამოძიების ფარგლებში, გაკეთდა ყველა საკვები დანამატის ანალიზი, რომლებსაც ძიუდოისტი სინჯის ჩაბარების წინა პერიოდში იყენებდა. შედეგად, საკვებ დანამატ „Brain“ -ის გახსნილ ქილაში აღმოაჩინეს ზემოხსენებული აკრძალული ნივთიერება, რომელიც არ იყო მითითებული არც ეტიკეტზე და არც მწარმოებლის ვებგვერდზე. სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ლუკა მაისურაძის საკითხის შუალედური განხილვის დროს საქმეში წარმოდგენილი იყო საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების რეაბილიტოლოგის – დიმიტრი ბაღათურიას ახსნა-განმარტებაც, რომელიც აღნიშნავდა, რომ სპორტსმენი მასთან კონკრეტული ჩივილებით მივიდა მარტის ბოლოს და მისი მდგომარეობის გათვალისწინებით მოიძია ახალი ამერიკული პრეპარატი Brain. საბჭომ მიიჩნია, რომ ლუკა მაისურაძემ (მისმა რეაბილიტოლოგმა-დიმიტრი ბაღათურიამ) არ გამოიყენა სიფრთხილის ყველა ზომა, კერძოდ, არ ჰკითხა ნაკრების ექიმს(დიმიტრი ბაღათურია რეაბილიტოლოგია და არა ექიმი) და შემოიფარგლა მხოლოდ ინტერნეტის ზოგადი მონაცემებით (Google search). საბჭოს თქმით, მაისურაძემ არ შეამოწმა ისეთი მნიშვნელოვანი, დოპინგისთვის სპეციალიზებული და ყველა სპორტსმენისთვის გასაცნობად სავალდებულო – საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდი gada.ge, სადაც განთავსებულია იმ პროდუქტების ჩამონათვალი, რომელშიც აღმოჩენილია დამაბინძურებლები. ანტიდოპინგური სადისციპლინო საბჭო აღნიშნავს, რომ gada.ge-ზე გამოქვეყნებულ ნუსხაში ის საკვები დანამატიც იყო (Brain, Dioxyme), რომლის მოხმარებასაც ლუკა მაისურაძე ადასტურებს: 26 წლის ძიუდოისტს აღნიშნულ საკითხზე მედიასთან კომენტარის გაკეთება არ სურს. „ერთი წლის წინ აღებულ დოპინგ ტესტში ვითომ მიპოვეს რაღაც ოსტარინი, რომელიც იყო რაღაც დანამატებთან ერთად. ადვოკატი ავიყვანე, ვიბრძოლე, მაგრამ ვერაფერს მივაღწიე. დიდ კაცთან პატარა კაცს როდის გასვლია მართალი — ამ სიტუაციაში ვარ ზუსტად,“ – განუცხადა სპორტსმენმა „ლიდერ სპორტს“. ლუკა მაისურაძემ 2023 წელს ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ფინალში ლაშა ბექაური დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.