თეგი: მ

ჰესების მშენებლობის პარალელურად, თბოსადგურების მშენებლობასა და დამატებით 600 მეგავატი სიმძლავრის მიღებას ვგეგმავთ - ღარიბაშვილი

ჰესების მშენებლობის პარალელურად, დამატებითი სიმძლავრეების შექმნაზე ვმუშაობთ და თბოსადგურების მშენებლობას და დამატებით 600 მეგავატი სიმძლავრის მიღებას ვგეგმავთ, რაც ჯამში მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში 3-4 მილიარდი დოლარის ინვესტიციაა- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, დაგროვილი 800 მეგავატის მემორანდუმები გაეშვება, წლის ბოლოს 1500 მეგავატზე გამოცხადდება ტენდერი, 2023 წელს კი დამატებით მეგავატებს გამოიტანენ, როგორც ჰიდროელექტროსადგურების, ისე ქარის და მზის სადგურებზე. „ბოლო პერიოდში მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჰესებთან დაკავშირებით. ჰესები იყო გაჩერებული ბოლო 5 წელია, თუ არ ვცდები, 2017 წლიდან და ჩვენ გვქონდა ამის თაობაზე ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მივაღწიეთ შემდეგს: დაახლოებით 800 მეგავატი დაგროვილია პროექტები, მემორანდუმები, რომელიც გაეშვება, ამაზე გაფორმებული იყო გამარტივებული შესყიდვის მემორანდუმები, მაგრამ შეჩერებული იყო მთავრობის მხრიდან, ჩემამდე. ეს პროექტები გაეშვება, 800 მეგავატამდე ჰესის ასაშენებლად ალბათ მილიარდზე მეტი დაიხარჯება და ამას გარდა, წლის ბოლოს, 1500 მეგავატზე გამოვაცხადებთ ტენდერს. ეს არის 2,5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია პირდაპირი. ჯამში, 1500 მეგავატი ცალკე, ახალი დამტკიცებული სქემის მიხედვით, რომელიც ჩვენ უკვე წარვადგინეთ მთავრობაზე დავამტკიცეთ და მეორე, 800 მეგავატი. ეს არის ის მინიმუმი, რომელიც ახლა დამტკიცდება. გაისად, 2023 წელს ასევე გამოვიტანთ დამატებით კიდევ სხვა მეგავატებს, ჰიდროს მიმართულებით, ჰიდროელექტროსადგურებზე გაკეთდება მთავარი აქცენტი, ასევე, ქარის, მზის სადგურებზე, ასევე, ჩვენ ვმუშაობთ დამატებითი სიმძლავრეების შექმნაზე და თბოსადგურების მშენებლობას ვგეგმავთ დამატებით, გვინდა, რომ გამოვაცხადოთ ეს ტენდერებიც. აქაც შეიძლება დამატებით დაახლოებით 600 მეგავატი ჯამში, 400 და კიდევ ერთი ინვესტორი, რომელიც 200 მილიარდის ინვესტირებას, თბოსადგურის აშენებას გეგმავს და ეს ჯამში რამდენიმე, 3-4 მილიარდი დოლარის ინვესტიციაა, მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.