თეგი: მაკა მინდიაშვილი

სახალხო დამცველობის კანდიდატი: ოლიგარქი ცუდი არ არის, ქვეყანაში მდიდარი ხალხი უნდა გვყავდეს

რა არის ოლიგარქი, ამ შეკითხვას უპასუხა, სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილმა ერთ-ერთმა კანდიდატმა. მაკა მინდიაშვილმა განაცხადა, რომ ოლიგარქია არ არის ცუდი და ქვეყანაში მდიდარი ხალხი უნდა გვყავდეს. „ოლიგარქია და ოლიგარქები ცუდი არ არის. ქვეყანაში მდიდარი ხალხი უნდა გვყავდეს რა თქმა უნდა, რომ ეს ქვეყანას უნდა წაადგეს. მე იცით რისი წინააღმდეგი ვარ? პოლიტიკას არ უნდა გააკარო ოლიგარქი, რადგან ის მენტალურად არის ვაჭარი. ის არის მხოლოდ ფულზე ორიენტირებული“, - განაცხადა მაკა მინდიაშვილმა. მისივე განმარტებით, ბიზნესმენი პოლიტიკაში არ უნდა იყოს. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატს, მაკა მინდიაშვილს მოუსმინა. სახალხო დამცველობის კანდიდატმა ფრაქციების და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა. პარლამენტში წარდგენილი სახალხო დამცველობის 19 კანდიდატიდან ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა უკვე 12 კანდიდატს მოუსმინა. ომბუდსმენობის კანდიდატების მოსმენის პროცესი ხვალ 09.30 საათზე გაგრძელდება. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციიის კომიტეტის წინაშე ჯემალ ნათელაშვილი წარდგება.