თეგი: მამუკა გაწერელია
ქართველი მებრძოლის მამუკა გაწერელიას ოჯახი დახმარებას ითხოვს
რუსეთში უვადო პატიმრობა მისჯილი ქართველი მებრძოლის, 22 წლის მამუკა გაწერელიას ოჯახი უკრაინის და საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. მამუკა გაწერელიას დედა, დალი ჩხეიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ ოჯახს არ ჰყავს ადვოკატი და არც დამხმარე პირი, ვინც რუსეთის სამართალდამცავ უწყებებთან დააკავშირებს და შვილის გათავისუფლებაში დაეხმარება. უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლის, მამუკა გაწერელიას მიმართ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესახებ ცნობები 20 თებერვალს გავრცელდა. ამავე არხით შეიტყო მებრძოლის ოჯახმა, რომ „აზოვსტალის“ გათავისუფლებისთვის ბრძოლაში 2022 წლის მაისში ტყვედ ჩავარდნილ მამუკა გაწერელიას 20 თებერვალს უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. დედა პატიმრობაში მყოფ შვილს 20 თებერვალს ტელეფონით ესაუბრა. დედა-შვილს მხოლოდ 2 წუთით მისცეს საუბრის უფლება. დალი ჩხეიძე დარწმუნებულია, რომ შვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. 22 წლის მამუკა გაწერელია რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილია. მისი ოჯახი - დედ მამა და ორი ძმა, ზუგდიდში ცხოვრობს. „აზოვსტალის" ქართველი დამცველის შესახებ „ამერიკის ხმას" 2023 წლის დეკემბერში ესაუბრა ლაშა დიაროვი, „ახალი საქართველო – სამოქალაქო პლატფორმის" დამფუძნებელი. მისი ინფორმაციით, მამუკას კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული უკრაინის თავდაცვის სამინისტროსთან და ოფიციალურად ირიცხებოდა მსროლელად, უკრაინის არმიის უცხოელ მოხალისეთა ლეგიონში. ლეგიონი თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს დაქვემდებარებაშია. როგორც დიაროვმა განმარტა, ტყვეთა გაცვლის პროგრამაში მამუკა გაწერელიას შეყვანა ვერ მოხერხდა, ვინაიდან მას აქვს საქართველოს პასპორტი, საქართველოს მოქალაქეა და შესაბამისად, რუსები „დაქირავებულ მებრძოლად“, ე.წ Наёмник-ად მიიჩნევენ.“