თეგი: მარიამ იაშვილი
ბლოგერ უჩა აბაშიძესა და მის მეუღლეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
ბლოგერ უჩა აბაშიძესა და მის მეუღლეს, მარიამ იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. სხდომას ესწრებოდნენ ბრალდებულები. დაკავებულებმა მათ მიმართ განხორციელებულ სავარაუდო დამამცირებელ მოპყრობაზე ისაუბრეს. უჩა აბაშიძის განცხადებით, ჩხრეკის დროს მის მიმართ დამამცირებელი მოპყრობა იყო. ამასთან, დღევანდელ პროცესზე მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა გაიზიარა როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის შუამდგომლობა და პროცესი დახურა. გამოძიების ინფორმაციით, „მარიამ იაშვილის საკონტაქტო მონაცემები სექსუალური მომსახურების სხვადასხვა ინტერნეტ გვერდზე იყო გამოქვეყნებული, სადაც მისი მხრიდან სექსუალური მომსახურების შეთავაზება ხდებოდა. მას შემდეგ, რაც კონკრეტულ პირთან მოხდებოდა შეთანხმება და იგი მივიდოდა ზემოხსენებულ ბინაში, ბრალდებულები, აღნიშნული პირისგან მალულად, სპეციალურად დამონტაჟებული მოწყობილობების საშუალებით, სისტემატურად, უკანონოდ იღებდნენ და ინახავდნენ ინტიმური კავშირის ამსახველ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებს.“ პროკურატურა აცხადებს, რომ 2019 წლიდან 2024 წლამდე პერიოდში, ასობით სხვადასხვა პირის სქესობრივი კავშირის ამსახველი ათასობით ვიდეო-აუდიო მასალის ჩაწერა ფიქსირდება. „იდენტიფიცირებულია რამდენიმე პირი, რომელთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ჩანაწერებიც უკანონოდ ინახებოდა ბრალდებულთა კომპიუტერულ ტექნიკასა და ელექტრონული ინფორმაციის შემნახველ მოწყობილობებში.“ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება - შენახვას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს. „თქვენ იცით, რომ უჩა აბაშიძის შემთხვევაში საქმის მასალები, მათ შორის ჩხრეკის ოქმი რამდენიმე დღიანი დაგვიანებით, კანონის დარღვევით გადმოგვეცა, თუმცა ბუნებრივია, პატიმრობის შუამდგომლობას ჩვენ არ დავეთანხმებით," - განუცხადა ჟურნალისტებს სხდომის დაწყებამდე უჩა აბაშიძის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ. „საქმესთან დაკავშირებით ვერ ვსაუბრობთ, ხელი გვაქვს მოწერილი გაუთქმელობაზე," - განუცხადა ჟურნალისტებს სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატმა გიორგი მახარაძემ. ის ამ საქმეში უჩა აბაშიძის უფლებადამცველის სტატუსით ჩართული იყო აღკვეთი ღონისძიების შეფარდებამდე - ამის შემდეგ პროცესში მონაწილეობას აღარ მიიღებს. „მე გვიან ჩავერთე საქმეში, გავეცნობი საქმის მასალებს, დუმილის უფლებას იყენებს, მომდევნო კვირაში აუცილებლად ვინახულებ," - აღნიშნა სხდომის შემდეგ მარიამ იაშვილის ადვოკატმა, ნათია კორკოტაძემ. 11 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა, რომ უჩა აბაშიძესა (ის 9 მაისს დააკავეს) და მის ცოლს, მარიამ იაშვილს, რომელიც გამოძიებამ 11 მაისს დააკავა, სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა და 236-ე მუხლებით ჩადენილ დანაშაულებს ედავება. გამოძიება ირწმუნება, რომ უჩა აბაშიძემ და მისმა ცოლმა, „ერთად განიზრახეს სხვადასხვა პირთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს, კერძოდ კი, ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვება და შენახვა.“ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. წინასასამართლო სხდომა 2 ივლისს ჩაინიშნა.