თეგი: მარინა არაბიძე
აზოტის დიოქსიდის ნორმის გადაჭარბება ფიქსირდება - ასეთი ადგილი დედაქალაქში ბევრია - სპეციალისტი
„გარემოს ეროვნული სააგენტოს“ გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის, მარინა არაბიძის განცხადებით, დედაქალაქში იმ ადგილებში, სადაც ინტენსიური მოძრაობაა, აზოტის დიოქსიდის ნორმის გადაჭარბება ფიქსირდება. როგორც მან აღნიშნა, ქალაქ რუსთავში მყარი ნაწილაკების შემცველობის კლება აღინიშნება. „შეგვიძლია, ვთქვათ, რომ დღეს ქვეყანაში ნახშირბადის მონოქსიდი, ოზონი, გოგირდის დიოქსიდი არანაირ გამოწვევას არ წარმოადგენს, ისინი თითქმის ნორმის ფარგლებში გვაქვს. თუმცა, მყარი ნაწილაკები, რომელიც პერიოდულად ხან ტრანსსასაზღვრო დაბინძურებაა და ხან ადგილობრივი, გარკვეულ დღეებში შეიძლება ნორმას აჭარბებდეს. ასევე, გამოვკვეთდით აზოტის დიოქსიდის შემცველობას, რომლის წყარო არის ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვი. შესაბამისად, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ყველა იმ ლოკაციაზე, სადაც ჩვენი ინდიკატორები განთავსებულია გზისპირა ადგილებში, იმ ადგილებში, სადაც ინტენსიური მოძრაობა გვაქვს, აზოტის დიოქსიდის ნორმის გადაჭარბება შეიმჩნევა, განსაკუთრებით, დედაქალაქში გვაქვს ასეთი ბევრი ლოკაცია. მოგეხსენებათ, ტრანსპორტის ყველაზე მეტი რაოდენობა სწორედ აქ არის თავმოყრილი. ასევე, არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ გვაქვს მყარი ნაწილაკების შემცველობის კლება, მაგალითად, ქალაქ რუსთავში, რომელიც მოგეხსენებათ, სამრეწველო ქალაქია და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება აქ მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მთავრობის მიერ დამტკიცებული იყო ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების გეგმა, რომლის განხორციელების შემდეგ, საკმაოდ გაუმჯობესდა ამ კუთხით მდგომარეობა. რაც შეეხება აზოტის დიოქსიდებს, აქ მდგომარეობა უცვლელია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მატება არ ფიქსირდება,“ - განაცხადა მარინა არაბიძემ.