თეგი: მარკ კარნი
კანადის პრემიერი: ძველი მსოფლიო წესრიგი არ დაბრუნდება
კანადის პრემიერმინისტრმა მარკ კარნიმ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ სამიტზე გამოსვლისას ისაუბრა საშუალო დონის სახელმწიფოებზე, და დიდი სახელმწიფოების მოქმედებებში არარსებულ შეზღუდვებზე. კარნი ამბობს, რომ ძველი მსოფლიო წესრიგი „არ დაბრუნდება.“ მან საშუალო ძალებს გაერთიანებისკენ მოუწოდა. „საშუალო ძალებმა ერთად უნდა იმოქმედონ, რადგან თუ მაგიდასთან არ ხარ, მენიუში ხარ. დიდ ძალებს შეუძლიათ მარტო მოქმედება — მათ აქვთ ბაზრის მასშტაბი, სამხედრო შესაძლებლობები და ბერკეტები პირობების კარნახისთვის. საშუალო ძალებს — არა...,“ ამბობს კარნი. მისი აზრით, ძლიერები ეკონომიკურ იძულებას იყენებენ იმის მისაღწევად, რაც სურთ. მან ასევე დაადასტურა კანადის მხარდაჭერა გრენლანდიის, დანიისა და NATO-ს ალიანსის მიმართ, რამაც დარბაზში აპლოდისმენტები გამოიწვია. როგორც BBC წერს, კარნიმ დონალდ ტრამპი არ ახსენა, მაგრამ მისი ზოგიერთი შენიშვნა, როგორც ჩანს, აშშ-ის პრეზიდენტისკენ იყო მიმართული, რომელიც ევროპელ მოკავშირეებსა და დიდ ბრიტანეთს ტარიფების დაწესებით ემუქრება, თუ გრენლანდია აშშ-ს არ გადაეცემა. ტრამპი საკუთარი სიტყვით გამოსვლას დღეს გეგმავს. „დიდი სახელმწიფოები“ ხშირად განისაზღვრება ქვეყნებად, რომლებსაც გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმიი ადგილები აქვთ - ჩინეთი, საფრანგეთი, რუსეთი, გაერთიანებული სამეფო და შეერთებული შტატები - რაც მათ ეკონომიკურ და სამხედრო დომინირებაზე მიუთითებს მსოფლიოში. საშუალო სახელმწიფოები - კანადა, ავსტრალია, არგენტინა, სამხრეთ კორეა და ბრაზილია, ის ქვეყნებია, რომლებიც ჯერ კიდევ დიდ გავლენას ახდენენ გლობალურ პოლიტიკაზე, მიუხედავად იმისა, რომ მათი ეკონომიკა უფრო მცირეა“ - თავის გამოსვლაში კარნიმ განაცხადა, რომ მსოფლიო „გარდამავალი პერიოდის“ შუაგულშია. „დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი — ეს არის დიდი სახელმწიფოების გამწვავებული მეტოქეობის სისტემა, სადაც ყველაზე ძლიერები საკუთარ ინტერესებს ეკონომიკური ინტეგრაციის იძულების იარაღად გამოყენებით აღწევენ... დიდმა სახელმწიფოებმა დაიწყეს ეკონომიკური ინტეგრაციის იარაღად გამოყენება, ტარიფების ბერკეტად, ფინანსური ინფრასტრუქტურის — იძულების საშუალებად, ხოლო მიწოდების ჯაჭვების — მოწყვლად სუსტ წერტილებად გამოყენება,“ — აღნიშნა კარნიმ. მანვე აღნიშნა, რომ კანადა ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც გამოფხიზლების ზარი შეისმინა, რომ გეოგრაფია და ისტორიული ალიანსები აღარ იძლევა უსაფრთხოების ან კეთილდღეობის გარანტიას. კარნიმ თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ გეოპოლიტიკის ცვლილებასთან ადაპტაციის მიზნით, კანადა ახლა სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობასა და „სხვადასხვა კოალიციის შექმნაზეა ორიენტირებული - საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზე დაფუძნებით.“ პრემიერ-მინისტრმა კანადა „სტაბილურ და საიმედო“ პარტნიორად მოიხსენია და აღნიშნა ჩინეთთან და კატართან ბოლო დროს მიღწეული სავაჭრო და საინვესტიციო შეთანხმებები, ასევე, თავდაცვის შესყიდვების პაქტი, რომელიც კანადამ გასულ წელს ევროკავშირთან გააფორმა. კარნი ამ კვირაში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე რამდენიმე მსოფლიო ლიდერს შორისაა. „დღეს მე ვისაუბრებ მსოფლიო წესრიგის რღვევაზე, ლამაზი ისტორიის დასასრულსა და იმ სასტიკი რეალობის დასაწყისზე, სადაც დიდ სახელმწიფოებს შორის გეოპოლიტიკა არანაირ შეზღუდვას არ ექვემდებარება. თუმცა, ასევე მინდა გითხრათ, რომ სხვა ქვეყნები, განსაკუთრებით, ისეთი საშუალო დონის სახელმწიფოები, როგორიცაა, კანადა, უძლურები არ არიან. მათ აქვთ ახალი წესრიგის შექმნის უნარი, რომელიც განასახიერებს ჩვენს ღირებულებებს: ადამიანის უფლებების პატივისცემას, მდგრად განვითარებას, სოლიდარობას, სუვერენიტეტისა და სახელმწიფოების ტერიტორიულ მთლიანობას. ნაკლებად ძლიერთა ძალაუფლება პატიოსნებით იწყება. ყოველდღე გვახსენებენ, რომ დიდი ძალების მეტოქეობის ეპოქაში ვცხოვრობთ; რომ წესებზე დაფუძნებული წესრიგი ქრება; რომ ძლიერები აკეთებენ იმას, რაც შეუძლიათ, ხოლო სუსტები იტანჯებიან...ეს წარმოდგენილია როგორც თითქოს, ბუნებრივი და გარდაუვალი წესრიგი. და ამ ლოგიკის წინაშე ქვეყნებს ძლიერი მიდრეკილება აქვთ, „მიჰყვნენ დინებას“, რათა თანხმობაში იყვნენ სხვებთან; მოერგონ; თავი აარიდონ პრობლემებს; და იმედი ჰქონდეთ, რომ დამორჩილება მათ უსაფრთხოებას მოუტანს. ეს არ მოხდება,“ აღნიშნავს კარნი და სვამს შეკითხვას: რა ვარიანტები გვაქვს? კანადის პრემიერი იხსენებს ვაცლავ ჰაველის მაგალითს, როცა კომუნისტურ სისტემაში ადამიანები არ ეთანხმებოდნენ იდეოლოგიას, მაგრამ მაინც „თამაშობდნენ წესებით“, პრობლემების თავიდან ასარიდებლად. სწორედ ეს ჩუმი თანხმობა აძლიერებდა სისტემას. სისტემა ძალას იღებდა არა სიმართლიდან, არამედ, ადამიანების მზაობიდან, ეცხოვრათ ტყუილში. ხოლო როცა ერთი მაინც წყვეტს ამ თამაშს, სისტემა სუსტდება. „ჩვენ ვიცოდით, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის შესახებ ეს ნარატივი ნაწილობრივ მცდარი იყო; რომ ყველაზე ძლიერები საჭიროების შემთხვევაში თავად ათავისუფლებდნენ თავს წესებისგან; რომ სავაჭრო წესები ასიმეტრიულად აღსრულდებოდა; და რომ საერთაშორისო სამართალი სხვადასხვა სიმკაცრით გამოიყენებოდა — იმის მიხედვით, ვინ იყო ბრალდებული ან ვინ იყო მსხვერპლი. ეს ფიქცია სასარგებლო იყო და განსაკუთრებით ამერიკული ჰეგემონია ეხმარებოდა „საზოგადოებრივი სიკეთეების“ უზრუნველყოფას: ღია საზღვაო მარშრუტებს, სტაბილურ ფინანსურ სისტემას, კოლექტიურ უსაფრთხოებას და დავების მოგვარების ჩარჩოების მხარდაჭერას,“ - განაცხადა კანადის პრემიერმა და ხაზი გაუსვა, რომ “ჩვენ ვიმყოფებით გახლეჩის პროცესში და არა გარდამავალ ეტაპზე.“ კარნის შეფასებით, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ფინანსურმა, ჯანდაცვის, ენერგეტიკულმა და გეოპოლიტიკურმა კრიზისებმა ნათლად აჩვენა გლობალური ინტეგრაციის რისკები. კანადის პრემიერის შეფასებით, შეუძლებელია „ტყუილში ცხოვრება“ ურთიერთსასარგებლო ინტეგრაციის იდეით მაშინ, როდესაც თავად ინტეგრაცია ხდება დაქვემდებარების წყარო. მისი განცხადებით, ბევრი ქვეყანა ერთსა და იმავე დასკვნამდე მიდის: მათ უნდა განავითარონ უფრო დიდი სტრატეგიული ავტონომია — ენერგეტიკაში, საკვებში, კრიტიკულ მინერალებში, ფინანსებში და მიწოდების ჯაჭვებში. „ნუ დავხუჭავთ თვალს იმაზე, თუ სადამდე მიგვიყვანს ეს ყველაფერი. ციხესიმაგრეების სამყარო იქნება უფრო ღარიბი, უფრო მყიფე და ნაკლებად მდგრადი. არსებობს კიდევ ერთი სიმართლე: თუ დიდი ძალები უარს იტყვიან წესებისა და ღირებულებების თუნდაც ფორმალურ შენარჩუნებაზე და უშუალოდ გადავლენ თავიანთი ძალისა და ინტერესების დაუბრკოლებელ გატარებაზე, „ტრანზაქციონალიზმიდან“ მიღებული სარგებლის გამეორება სულ უფრო რთული გახდება. ჰეგემონები ვერ შეძლებენ ურთიერთობების მუდმივად მონეტიზაციას. მოკავშირეები დაიწყებენ დივერსიფიკაციას გაურკვევლობისგან თავის დასაზღვევად. გაზრდიან არჩევანს. ეს აღადგენს სუვერენიტეტს — სუვერენიტეტს, რომელიც ოდესღაც წესებზე იყო დაფუძნებული, მაგრამ სულ უფრო მეტად დაეფუძნება ზეწოლის გაძლების უნარს... საშუალო ძალებისთვის, როგორიცაა კანადა, კითხვა აღარ არსებობს, უნდა მოერგოს თუ არა ამ ახალ რეალობას. უნდა მოერგოს. კითხვა ის არის — მოვერგებით თუ უბრალოდ უფრო მაღალ კედლებს ავაშენებთ, თუ შევძლებთ რაღაც უფრო ამბიციურს. ჩვენი ახალი მიდგომა ეფუძნება იმას, რასაც ალექსანდერ სტუბმა „ღირებულებებზე დაფუძნებული რეალიზმი“ უწოდა — ან სხვაგვარად რომ ვთქვათ, ვცდილობთ, ვიყოთ პრინციპულებიც და პრაგმატულებიც. პრინციპულები ფუნდამენტური ღირებულებების მიმართ ერთგულებაში: სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ძალის გამოყენების აკრძალვა გაეროს ქარტიის შესაბამისობის გარეშე; ადამიანის უფლებების პატივისცემა. პრაგმატულები იმის აღიარებაში, რომ პროგრესი ხშირად ეტაპობრივია, ინტერესები განსხვავდება და ყველა პარტნიორი არ იზიარებს ჩვენს ღირებულებებს. ჩვენ ფართოდ და სტრატეგიულად ვერთვებით ურთიერთობებში — გახელილი თვალებით. ჩვენ ვმოქმედებთ სამყაროსთან ისეთი სახით, როგორიც ის არის, და არ ველოდებით ისეთ სამყაროს, როგორიც გვინდა, რომ იყოს.“ კანადის პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ეს არ არის გულუბრყვილო მულტილატერალიზმი. და არც დასუსტებულ ინსტიტუტებზე დაყრდნობა. ეს არის მოქმედი კოალიციების შექმნა. „საშუალო ძალებმა ერთად უნდა იმოქმედონ, რადგან თუ მაგიდასთან არ ხარ, მენიუში ხარ. დიდ ძალებს შეუძლიათ მარტო მოქმედება — მათ აქვთ ბაზრის მასშტაბი, სამხედრო შესაძლებლობები და ბერკეტები პირობების კარნახისთვის. საშუალო ძალებს — არა... დიდ ძალებს შორის კონკურენციის სამყაროში შუაში მყოფ ქვეყნებს არჩევანი აქვთ: იბრძოლონ ერთმანეთთან კეთილგანწყობისთვის, თუ გაერთიანდნენ და შექმნან მესამე გზა — რეალური გავლენით. არ უნდა დავუშვათ, რომ მკაცრი ძალის აღზევებამ დაგვაბრმავოს იმ ფაქტის მიმართ, რომ ლეგიტიმაციის, მთლიანობისა და წესების ძალა კვლავ ძლიერი დარჩება — თუ ერთად გადავწყვეტთ მის გამოყენებას,“- აღნიშნა კანადის პრემიერმა.