თეგი: მატარებლის კატასტროფა

საბერძნეთის ტრანსპორტის მინისტრი მატარებლის კატასტროფის გამო თანამდებობიდან გადადგა

საბერძნეთის ტრანსპორტის მინისტრი კოსტას კარამანლისი თანამდებობიდან გადადგა მას შემდეგ, რაც სულ მცირე 36 ადამიანი დაიღუპა და 85 დაშავდა მატარებლის კატასტროფის შედეგად. ყველაზე საშინელი სარკინიგზო ავარია საბერძნეთში ბოლო ათწლეულების განმავლობაში სამშაბათს, ღამით მოხდა. ორი მატარებელი ერთსა და იმავე ლიანდაგზე მოძრაობდა საპირისპირო მიმართულებით. სამგზავრო მატარებელში მყოფთაგან ბევრი იყო სტუდენტი, რომლებიც არდადეგებიდან ბრუნდებოდნენ. გადარჩენილებმა ბერძნულ მედიასთან საუბრისას განაცხადეს, რომ შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ რამდენიმე მგზავრი ფანჯრებიდან გადააგდო. მაშველებმა დაღუპულთა ცხედრები სარკინიგზო ხაზიდან 40 მეტრში იპოვეს. დაღუპულთა უმეტესობა ახალგაზრდები იყვნენ და ზოგიერთის იდენტიფიცირებას დნმ კვლევა დასჭირდება. პოლიციის თანამშრომელთა თქმით, სადგურის მეთაური ახლომდებარე ქალაქ ლარისაში ოთხშაბათს დააკავეს და ბრალი წაუყენეს გაუფრთხილებლობით მასობრივ სიკვდილში. მინისტრმა კი განაცხადა, რომ მისი „მოვალეობაა“ გადადგომა. კოსტას კარამანლისის თქმით, როდესაც მისი მთავრობა 2019 წელს მოვიდა სათავეში, მემკვიდრეობით მიიღო 21-ე საუკუნისთვის შეუფერებელი სარკინიგზო სისტემა, მაგრამ მისი სამინისტროს ძალისხმევა საკმარისი არ აღმოჩნდა ავარიის თავიდან ასაცილებლად. საბერძნეთში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.