თეგი: მატეო ზუპი
ზელენსკიმ რომის პაპის წარმომადგენელი მიიღო და მოუწოდა ვატიკანს, მხარი დაუჭიროს უკრაინის სამშვიდობო ფორმულას
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 6 ივნისს კიევში რომის პაპის სპეციალურ წარმომადგენელს, კარდინალ მატეო ზუპის შეხვდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა წმიდა საყდარს, მხარი დაუჭიროს უკრაინის სამშვიდობო ფორმულას და აღნიშნა, რომ რუსეთი აგრძელებს უკრაინაში სამხედრო დანაშაულების ჩადენას, მათგან ბოლო იყო ხერსონის ოლქში კახოვკის კაშხლის განადგურება. „ეს დანაშაული უზარმაზარ საფრთხეებს შეიცავს და სავალალო შედეგები მოჰყვება ადამიანების სიცოცხლისა და გარემოსთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, ზელენსკიმ განუცხადა კარდინალ ზუპის, რომ ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტა და რუსეთის მიერ წარმოებული ომის გაყინვა არ გამოიწვევს მდგრად მშვიდობას და გაიმეორა, რომ კიევი თავის სამშვიდობო ფორმულას განიხილავს ერთადერთ ეფექტიან გეგმად. ზელენსკის თქმით, მხოლოდ ერთობლივ ძალისხმევას, დიპლომატიურ იზოლაციას და რუსეთზე ზეწოლას შეუძლია გავლენა მოახდინოს მოსკოვზე და მოიტანოს სამართლიანი მშვიდობა. უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ წმინდა საყდარს შეუძლია, კიევს დაეხმაროს უკრაინელი პატიმრების გათავისუფლებაში, რუსეთში დეპორტირებული ბავშვების დაბრუნებასა და სამართლიანობის აღდგენაში. რომის პაპის დესპანი უკრაინაში მიემგზავრება წმიდა საყდრის პრესსამსახურმა 20 მაისს განაცხადა, რომ რომის პაპმა ფრანცისკემ კარდინალ მატეო ზუპის, უკრაინაში სამშვიდობო მისიის ხელმძღვანელობა დაავალა. ვატიკანი მიზნად ისახავს, გამოიყენოს კარდინალ ზუპის დიპლომატიური უნარები და ფართო ქსელი, რათა ხელი შეუწყოს დაძაბულობის დეესკალაციას და გზა გაუხსნას უკრაინაში გრძელვადიანი გადაწყვეტის გზას. 13 მაისს ზელენსკი 2020 წლის შემდეგ პირველად შეხვდა რომის პაპ ფრანცისკეს ვატიკანში და სთხოვა რომის პაპს, დაეგმო რუსეთის სამხედრო დანაშაულებები. რომის პაპმა ფრანცისკემ მანამდე თქვა, რომ ვატიკანი მზად არის შუამავლობისთვის. რომის პაპმა ფრანცისკემ ასევე განაცხადა, რომ ის მუშაობდა „საიდუმლო მისიაზე“, რათა შეაჩეროს ომი და დააბრუნოს ბავშვები, რომლებიც რუსეთმა გაიტაცა უკრაინიდან.