თეგი: მედიის განვითარების ფონდი
"ანტიდასავლური პროპაგანდა 2022" - MDF-მ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა
მედიის განვითარების ფონდის (MDF) შეფასებით, წინა წლების მსგავსად, საქართველოში ანტიდასავლური პროპაგანდა 2022 წელსაც საფრთხეებით მანიპულირების მეთოდს მიმართავდა, თუმცა, წინა წლებისგან განსხვავებით, გარე აქტორების ინტერესების გარდა, შიდასახელისუფლებო დღის წესრიგი უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა. MDF-ის ახალ ანგარიშში "ანტიდასავლური პროპაგანდა 2022" ანტიდასავლური გზავნილების მხრივ 2022 წლის ტენდენციებს აანალიზებს და ანტიდასავლური გზავნილების ტიპოლიგიას და მათ წყაროებს მიმოიხილავს. ტრადიციული მედიის (სატელევიზიო, ბეჭდვითი და ონლაინ გამოცემები) მონიტორინგის გზით დაკვირვება როგორც მედია საშუალებებზე, ასევე სხვა წყაროებზე – პოლიტიკურ კლასზე, სასულიერო პირებზე, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და საზოგადოების ცალკეულ წარმომადგენლებზე ხორციელდებოდა. ანგარიში 2022 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. შესავალ ნაწილში წარმოდგენილია კვლევის მთავარი მიგნებები, მეთოდოლოგია და ერთიანი რაოდენობრივი მონაცემები წყაროების მიხედვით. მეორე ნაწილი ანტიდასავლური გზავნილების სტრუქტურას და პროპაგანდის მეთოდებს მიმოიხილავს, ბოლო ნაწილი კი, ანტიდასავლური გზავნილების წყაროებს ეთმობა. ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ 2022 წელს გავრცელებული მანიპულაციების საგანი ხუთი მთავარი საფრთხეა, როგორიცაა „მეორე ფრონტის გახსნა“, „მეორე მაიდანი“, „სუვერენული დემოკრატიის“ ხელყოფის შიშები, დემოკრატიული ინსტიტუტები, და დასავლური დაფინანსება. ანგარიშში, რომელიც 10 000-მდე კომენტარის ანალიზს ეფუძნება, ნათქვამია, რომ ანტიდასავლური გზავნილების ყველაზე დიდი წილი კოლექტიური დასავლეთისა და აშშ-ის წინააღმდეგ იყო მიმართული, რომელთაც ევროკავშირის და NATO მოსდევდნენ. სხვა სამიზნეებს შორის ასევე იყო უკრაინა, დემოკრატიული ინსტიტუტები, როგორიცაა არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველი და მედია, და ზოგადად ლიბერალური იდეები. „რუსეთი ერთადერთი სუბიექტი იყო, რომელიც მოცემულ დისკურსში პოზიტიურად იყო წარმოჩენილი,“ – ნათქვამია ანგარიშში. ანტიდასავლური გზავნილები ანტიდასავლური გზავნილები თემატურად ხუთ ძირითად კატეგორიად იყოფა. ესენია: 1. საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება (42,2%); 2. დემოკრატია, სუვერენიტეტი და დემოკრატიული ინსტიტუტები (21,7%); 3. რუსეთის ინტერვენცია უკრაინაში (20,5%); 4. იდენტობა და ლიბერალიზმი (11,9%); 5. უცხოური დახმარება და ეკონომიკა (3,6%). საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების თემებზე მთავარი სამიზნე ევროკავშირი იყო, რაც ევროინტეგრაციის პროცესს, კერძოდ კი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თემას უკავშირდებოდა. დოკუმენტის თანახმად, მკვიდრდებოდა აზრი, რომ დასავლეთი „საქართველოს ომში ჩათრევას“ და ქვეყანაში „მეორე ფრონტის“ გახსნას ცდილობდა. „ომის შიშებით მანიპულირებამ უკრაინის ომის ფონზე განსაკუთრებული სიმძაფრე შეიძინა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას პოლიტიკური მანიპულირების მთავარ ინსტრუმენტად იქცა“, – ნათქვამია ანგარიშში. 2022 წლის ივნისში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარმა კიდევ უფრო გააძლიერა პროპაგანდისტული ტალღა, რომ თითქოს კანდიდატის სტატუსზე უარი იმით იყო განპირობებული, რომ საქართველოს ხელისუფლება უკრაინის ომის ფონზე ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნას არ დასთანხმდა. გარდა ამისა, დადანაშაულებული იყო ნატო, აშშ, კოლექტიური დასავლეთი და გზავნილების მცირე რაოდენობით უკრაინასაც კი და ითქვა, რომ ისინი კანდიდატის სტატუსის სანაცვლოდ ომში საქართველოს მონაწილეობას მოითხოვდნენ. თავის მხრივ, რუსეთის ომი უკრაინაში წარმოჩენილი იყო როგორც რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების შესაძლებლობა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების „ერთადერთ გამოსავალად“ რუსეთი იყო წარმოჩენილი. უკრაინაში რუსეთის ომის შესახებ პროპაგანდისტული გზავნილები ასევე ეხებოდა რუსეთის „უძლეველობასა და სამხედრო უპირატესობას.“ ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ წინა წლების მსგავსად, თურქეთის და სხვა მეზობლების შემაკავებელ ერთადერთ ფაქტორად რუსეთი სახელდებოდა, ტერიტორიული მთლიანობის საფრთხედ კი დასავლეთთან ერთად თურქეთიც მოიაზრებოდა, რომელიც „ოსმალეთის იმპერიის აღდგენის განზრახვისა და ისტორიული ტრავმების გაღვივების კუთხით განიხილებოდა“. კიდევ ერთი გზავნილი, რომელიც როგორც ამერიკის, ასევე დასავლეთისა და ევროკავშირის მისამართით ფიგურირებდა, საქართველოს ხელისუფლების რევოლუციური სცენარით შეცვლის და მეორე მაიდნის მოწყობის ბრალდებას უკავშირდებოდა. ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთში დამკვიდრებულ ე.წ. სუვერენული დემოკრატიის კონცეფციას ეხმიანება ამ მიმართულებით ქართულ დისკურსში დომინანტი გზავნილი, რომელიც ამტკიცებს, რომ ამერიკა, დასავლეთი და ევროკავშირი საქართველოს შიდა სუვერენულ საქმეებში ჩარევას და ქვეყნის მართვას ცდილობენ. ამ მხრივ, ყველაზე მეტი გზავნილი ამერიკის შეერთებული შტატების, შემდეგ კი დასავლეთის და ევროკავშირის მისამართით ისმოდა. მისი პოლიტიკის მიმართ დასავლეთის კრიტიკის საპასუხოდ, მმართველმა პარტიამ და კრემლისტურმა ძალებმა ეს კრიტიკა დასავლეთის მიერ საქართველოს სუვერენულ საქმეებში ჩარევასთან გააიგივეს. რაც შეეხება დემოკრატიული ინსტიტუტების თემატიკას, აქ ყველაზე მეტი გზავნილი არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შეეხებოდა, რომელთაც ბრალს უცხო ქვეყნის დაკვეთით მოქმედებაში სდებდნენ, გარკვეულ შემთხვევაში კი არასამთავრობოების აგენტებად გამოცხადებას ითხოვდნენ. ანგარიშის თანახმად, უცხო ქვეყნის აგენტებად არასამთავრობოების წარმოჩენა, ხელისუფლების გაწონასწორების და კონტროლის ბუნებრივი ფუნქციის გარდა, მათი დაფინანსების წყაროებსაც უკავშირდებოდა. „ვინაიდან დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, მედიის მხარდამჭერ და სხვა მსგავსს პროექტებს ძირითადად დასავლური ფონდები აფინანსებენ, მანიპულაციები იმის შესახებ, რომ სამოქალაქო სექტორი რეალურად აგენტურაა, რომელიც ანგარებით სხვა ქვეყნების დაკვეთებს ასრულებს, ინსტიტუციონალური სანდოობის შერყევის მიზნით, მიზანმიმართულად ვრცელდებოდა. ასეთი გზავნილები ამზადებდა ნიადაგს რუსული სტილის საკანონმდებლო ინიციატივისთვის, რომელიც უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების აგენტებად გამოცხადებას ისახავდა მიზნად და 2023 წელს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო, თუმცა მძლავრი საპროტექსტო აქციების შედეგად იძულებული გახდა მეორე მოსმენისას თავადვე ჩაეგდო,“ – ნათქვამია ანგარიშში. ანტიდასავლური გზავნილების წყაროები დოკუმენტის თანახმად, ანტიდასავლური გზავნილების მთავარი წყარო პოლიტიკოსები იყვნენ (45.5%), რომელთაც მედია (30.1%), საზოგადოება (16.1%) და არასამთავრობოები (7.7%), ყველაზე მცირედით კი (0.6%) სასულიერო პირები მოჰყვებიან. ანგარიშის მიხედვით, პოლიტიკურ პარტიებს შორის ყველაზე მეტი ანტიდასავლური გზავნილები გააჟღერეს კრემლისტურმა პარტიებმა „ალტ-ინფო/კონსერვატიული მოძრაობა“ (2302) და „პატრიოტთა ალიანსმა“ (1117); შემდეგ მოდიან „ხალხის ძალა“ და „ქართული ოცნება.“ ანგარიში მომზადდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ, USAID-ის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ პროგრამის ფარგლებში. პროგრამა ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ. მედიის განვითარების ფონდი 2014 წლიდან სწავლობს ანტიდასავლურ პროპაგანდას საქართველოში. უახლესი ანგარიში მოიცავს თერთმეტ მედიასაშუალებას, მათ შორის ტელევიზიებს, ბეჭდურ და ონლაინ მედიას. კვლევის პროცესი ძირითად თოქ-შოუებზე იყო ფოკუსირებული, რაც დისკურსის უფრო ყოვლისმომცველი ანალიზის საშუალებას იძლევა.