თეგი: მეზღვაური
საბერძნეთში ორი ქართველი მეზღვაური დაიღუპა
საბერძნეთში ორი ქართველი მეზღვაური დაიღუპა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, ერთი მეზღვაური სარემონტო სამუშაოს შესრულებისას, ხოლო მეორე მეზღვაური ასევე უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. მომხდარის ადგილზე შესასწავლად საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლობა საბერძნეთში გაემგზავრა. „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში შემოსული ინფორმაციის თანახმად, 2023 წლის 2 ნოემბერს, საბერძნეთის იგუმენიცას ნავსადგურთან, სადაც გემი იმყოფებოდა სარემონტო სამუშაოებზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, დაზიანდა ქართველი მეზღვაური. მეზღვაური გადაიყვანეს საავადმყოფოში, General Hospital of Ioannina G. Hatzikosta, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 26 ოქტომბერს, ამავე გემზე, პირველადი ინფორმაციით, ასევე უბედური შემთხვევის შედეგად, გარდაიცვალა ქართველი მეზღვაური, რომელიც 2 ნოემბერს გადმოასვენეს საქართველოში. აღნიშნულ შემთხვევებთან დაკავშირებით, სააგენტო საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და ათენში საქართველოს კონსულთან, გელა ჯაფარიძესთან ერთად მუშაობს. ამასთან, ვითარების ადგილზე გასაცნობად და უშუალოდ დასაკვირვებლად, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები საბერძნეთში გაემგზავრნენ,” - აცხადებენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.
რუმინეთში გემიდან გადავარდნილი ქართველი მეზღვაური დინებამ გაიტაცა
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, გუშინ, რუმინეთში, გემიდან ქართველი მეზღვაური გადავარდა. მეზღვაური დინებამ გაიტაცა და სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. „საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში შემოსული ინფორმაციით, რუმინეთში, კონსტანცას ნავსადგურის აკვატორიაში, სანაპიროდან 60 საზღვაო მილის მოშორებით, ღუზაზე მდგომი გემიდან გადავარდა ქართველი მეზღვაური. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ეკიპაჟი მაშინვე შეეცადა მას საკუთარი ძალებით დახმარებოდა, გადაუგდეს სამაშველო რგოლი, თუმცა მეზღვაური დინებამ გაიტაცა და ვერ შეძლეს გემზე ამოყვანა. რუმინეთში საქართველოს კონსულისა და რუმინეთის ზღვაზე ძებნა-გადარჩენის სამსახურისგან მიღებული ინფორმაციით, გემის კაპიტანმა მომხდარის შესახებ მაშინვე შეატყობინა შესაბამის სამსახურებს, ახლომდებარე გემებს და დაუყოვნებლივ დაიწყო სამაშველო ოპერაცია, რომელიც 13 დეკემბერს მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა. მეზღვაურის ძებნის ოპერაცია ასევე დღეს, 14 დეკემბერს განახლდა და ამ დრომდე მიმდინარეობს,” - განუცხადეს ქართულ მედიასაშუალებებს უწყებაში.