თეგი: მეთიუ უიტაკერი

აშშ-ის ელჩმა NATO-ში უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულების მთავარი დაბრკოლება დაასახელა

NATO-ში შეერთებული შტატების ელჩმა მეთიუ უიტაკერმა განაცხადა, რომ უკრაინის ომის დასრულებაზე მოლაპარაკებებში ყველაზე რთული საკითხი ტერიტორიების საკითხია. უიტაკერმა გაიხსენა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის სიტყვები, რომელმაც ადრე განაცხადა, რომ „ყველაფერი ერთ საკითხამდე - ტერიტორიებამდე - დადის.“ „არსებობს ძალიან რთული საკითხები, როგორც სტივ უიტკოფმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, სინამდვილეში ეს ერთ საკითხამდე დადის და ეს ტერიტორიებია, ეს იქნება ყველაზე რთული საკითხი და ჩვენ გავაგრძელებთ მასზე მუშაობას,“ - აღნიშნა ელჩმა. Axios-ის ჟურნალისტი ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის ჟენევაში გამართული მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. მისი ინფორმაციით, ამის მიზეზი მოსკოვის წარმომადგენლის პოზიცია იყო. „ორმა ინფორმირებულმა წყარომ მითხრა, რომ ჟენევაში პოლიტიკური ჯგუფის მოლაპარაკებები დღეს „ჩიხში შევიდა“. წყაროებმა აღნიშნეს, რომ ეს რუსეთის ახალი მთავარი მომლაპარაკებლის, ვლადიმერ მედინსკის მიერ გამოთქმული პოზიციებით იყო გამოწვეული,“ - წერს ჟურნალისტი. მედინსკი ცნობილია თავისი მსჯელობით უკრაინასთან კონფლიქტის „ისტორიულ ფესვებზე.” სააგენტო AFP რუსეთის დელეგაციაში წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ მოლაპარაკება ძალიან დაძაბული იყო. ამერიკული დელეგაციის ხელმძღვანელმა, პრეზიდენტ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივენ უიტკოფმა ჟენევაში მოლაპარაკების პირველი დღის ბოლოს სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ უკრაინის და რუსეთის დელეგაციები დასთანხმდნენ თავიანთი ლიდერების ინფორმირებას და მუშაობის გაგრძელებას სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უსამართლობაა ის, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საჯაროდ მოუწოდებს უკრაინას, და არა რუსეთს, მშვიდობისთვის დათმობებზე წავიდეს. მან არასამართლიანი უწოდა იმას, რომ აშშ-ის პრეზიდენტი კომპრომისებისკენ მუდმივად უკრაინას მოუწოდებს და არა რუსეთს, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ ეს მხოლოდ დონალდ ტრამპის ტაქტიკაა და არა გადაწყვეტილება. მოლაპარაკების მორიგი რაუნდის პირველი დღის ბოლოს უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ ჟენევაში ცალკე შეხვედრა ჰქონდა საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის და შვეიცარიის წარმომადგენლებთან. ამ შეხვედრაში ამერიკელებიც მონაწილეობდნენ. უმეროვის ინფორმაციით, ევროპელ პარტნიორებთან განიხილეს პირველი დღის შედეგები და შემდგომი ნაბიჯების სინქრონიზაცია. უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები დღეს, 18 თებერვალს განახლდა.