თეგი: მერაბ დვალიშვილი

შონ ო’მალი აბუ დაბიში მომხდარზე: მერაბის მეგობარი ნამდვილად იმსახურებს პატივისცემას

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი შონ ო’მალი მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას ეხმაურება. ამერიკელმა მებრძოლმა მერაბის 21 წლის მეგობარზე გაამახვილა ყურადღება. ო’მალის თქმით, ახალგაზრდა მოჭიდავემ ნურმაგომედოვის გუნდის ორ წევრს წინააღმდეგობა გაუწია. „მერაბის მეგობარი ნამდვილად იმსახურებს პატივისცემას. როგორც ამბობენ, ის MMA-ის მებრძოლი არ არის, 21 წლის მოჭიდავეა, რომელიც მხოლოდ ჭიდაობითაა დაკავებული და დარტყმებზე არ ვარჯიშობს. ამის მიუხედავად, მან ხაბიბის, უფრო სწორად, უსმანის გუნდიდან ორი ადამიანი ძირს დააგდო. არ ვიცი, უსმანმა წინასწარ დაგეგმა თავდასხმა თუ უბრალოდ სილის გაწვნა ჰქონდა განზრახული. თუმცა, როცა ადამიანს სილას აწნავ, რა რეაქციას ელოდები? გგონია, ამის შემდეგ მშვიდად დაგელაპარაკება? ბიჭმა კეპი უკუღმა დაიხურა, წინ წამოიწია და მოქმედებისთვის მოემზადა,“ – განაცხადა შონ ო’მალიმ. საბა ლაზიშვილი თავდასხმის დროს ქართველ სპორტსმენთან ერთად იმყოფებოდა.  

დიმიტრი აბდუშელიშვილი: მერაბმა და საბამ ნამდვილად აჩვენეს, ვისი გორისანი არიან

ბიზნესმენი და საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი დიმიტრი აბდუშელიშვილი სოციალურ ქსელში წერს:               „ცხოვრებაშიც, სპორტშიც და ომშიც კი უღირსი საქციელი არ მოსულა. სპორტი, უპირველესად, ჯანსაღი ცხოვრების წესია. ისიც კი, როგორ ექცევი გამარჯვებულს და დამარცხებულს, თვითგამოხატვაა და აჩვენებს, ვინ ხარ და რას წარმოადგენ. მრავალრიცხოვანი ამალით, ტურასავით მიპარული ადამიანები არათუ სპორტულ სულისკვეთებას, ადამიანურ მინიმალურ სტანდარტებსაც კი ვერ აკმაყოფილებენ. ჩვენმა ბიჭებმა, მერაბმა და საბამ კი ნამდვილად აჩვენეს ვაჟკაცობის მასტერკლასი და ისიც, ვისი გორისანი არიან! როცა ხანდახან ვერ გაუგიათ ამდენ თავსდატეხილ ქარიშხლებში როგორ გადავრჩით ქართველები, საბას ეს კადრებიც ვაჩვენოთ, თვალი რომ არ დაახამხამა ისე რომ გადაეშვა ჩხუბში მეგობრის დასახმარებლად. ეგეთ მეგობრობას, ეგეთ ქართველობას გაუმარჯოს სპორტში იქნება თუ ცხოვრებაში, საბასნაირი, მეგობრისთვის თავდადებული საქართველო მიყვარს და მეიმედება.“ 🇬🇪❤️ შეგახსენებთ, აბუ-დაბიში ინტერვიუს ჩაწერის დროს, მერაბ დვალიშვილს და საბა ლაზიშვილს რუსი MMA-ს მებრძოლი, უსმან ნურმაგომედოვი თანმხლებ პირებთან ერთად თავს დაესხა. ინფორმაცია თავად მერაბ დვალიშვილმა გაავრცელა, მოგვიანებით სოციალურ ქსელში გავრცელდა თავდასხმის კადრებიც.