თეგი: მერი ლოლერი
გაეროს სპეციალური მომხსენებელი მერი ლოლერი საქართველოში ვიზიტით იმყოფება
გაეროს სპეციალური მომხსენებელი მერი ლოლერი საქართველოში იმყოფება. გაეროს ცნობით, 10-დღიანი ოფიციალური ვიზიტის დასასრულს, ადამიანის უფლებათა დამცველების მდგომარეობის საკითხებში გაეროს სპეციალური მომხსენებელი მერი ლოლერი პრესკონფერენციას გამართავს. ლოლერი საზოგადოებას მონიტორინგის ანგარიშს წარუდგენს. გაეროს სპეციალური მომხსენებელი ადამიანის უფლებადამცველთა საკითხებზე, მერი ლავლორი საქმიანობას ოფიციალურდ 2020 წლის მაისში შეუდგა.
“საქართველო ახლა გზაჯვარედინზე დგას“ - რა საკითხები მოხვდა გაეროს სპეციალური მომხსენებლის ანგარიშის ფოკუსში
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალურმა მომხსენებელმა, მერი ლოლერმა საქართველოში 10-დღიანი ვიზიტი შეაჯამა და ადამიანის უფლებათა დამცველების მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. ანგარიშში მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, შესაძლო სამოქალაქო არეულობის მოწყობის საქმეზე ორგანიზაცია „კანვასის“ კადრების გასაჯაროებაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ამ სიუჟეტის წარდგენა მკაფიოდ მიუთითებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიზანმიმართულ მცდელობაზე, დამნაშავეებად გამოაცხადონ ტრენინგთან დაკავშირებული ადამიანის უფლებათა დამცველები. „როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ამ საკითხებს შევეხე, მათ მირჩიეს ზემოთ ნახსენები კადრები მენახა. ასეც მოვიქეცი. ჩემი აზრით, ჩანაწერში არაფერი იყო ისეთი, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მისცემდა ტრენინგის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიმართ წაყენებული ბრალდების საფუძველს. სამდღიან ტრენინგზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლო. შეთქმულების მტკიცებულებად გამოქვეყნებული ჩანაწერი 8-წუთიანია და აშკარად დამონტაჟებული. ტრენერს, რომელიც კადრში ჩანს, არც ერთხელ გაუკეთებია რაიმე მინიშნება ან მოწოდება ძალადობაზე. ამ სიუჟეტის, როგორც შეთქმულების მტკიცებულების წარდგენა მკაფიოდ მიუთითებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიზანმიმართულ მცდელობაზე, დამნაშავეებად გამოაცხადონ ტრენინგთან დაკავშირებული ადამიანის უფლებათა დამცველები და საზოგადოების თვალში მოახდინონ ფუნდამენტური უფლებების დაცვის, როგორც პრაქტიკისა და განსაკუთრებით კი იმ ახალგაზრდებისა და სტუდენტების დელეგიტიმაცია, რომლებიც საკუთარი უფლებების დაცვას პროტესტის მშვიდობიანი გამოხატვით ცდილობენ. ამგვარმა ქმედებამ სერიოზული ზიანი მიაყენა ადამიანის უფლებების დამცველებს,“ - განაცხადა ლოლერმა. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ლოლერი საუბრობს, მაუწყებლობის შესახებ კანონია. გაეროს სპეციალური მომხსენებლის განცხადებით, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები მშვიდობიანი პროტესტის უფლების შეზღუდვას ისახავს მიზნად და ხელისუფლებას მოუწოდებს, აღნიშნული კანონი უკან გაიხმოს. ლოლერის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ სამოქალაქო არეულობის შესაძლო დაგეგმვის საქმეზე სუს-ის განცხადება ე.წ. „კარვების შესახებ კანონის” სახელით ცნობილი საკანონმდებლო ინიციატივის მხარდასაჭერად გამოიყენა. „პირველ რიგში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წაყენებული ბრალდებების შემდეგ, მმართველი პარტიის მაღალჩინოსნებმა კრიტიკული გადააზრების გარეშე დაიწყეს საჯარო განცხადებების გაკეთება და ბრალდება გამოიყენეს “კარვების შესახებ კანონის” სახელით ცნობილი იმ საკანონმდებლო ინიციატივის მხარდასაჭერად, რომელიც მშვიდობიანი პროტესტის უფლების შეზღუდვას ისახავს მიზნად. გარდა ამისა, ამ მოვლენების კვალდაკვალ, ულტრამემარჯვენე და ულტრაკონსერვატორულმა ჯგუფებმა გამოაცხადეს მხარდამჭერების მობილიზაცია ამ დაუსაბუთებელი “კონსპირაციის” სულისჩამდგმელების წინააღმდეგ, რამაც შეიძლება ფიზიკური საფრთხის წინაშე დააყენოს ადამიანის უფლებათა დამცველები. ტრენინგის შესახებ ვოდეოჩანაწერის გამოქვეყნებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა არაორაზროვნად მიანიშნა ტრენინგის ორგანიზატორ ადამიანის უფლებათა დამცველებს, რომ ისინი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. ამ ფაქტმა კიდევ უფრო გაამძაფრა შიში, რომელიც საზოგადოებაში 2021 წელს გაჩნდა, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო უსმენდა მრავალ უფლებადამცველსა და დამოუკიდებელ ჟურნალისტს. ნაცვლად იმისა, რომ მთავრობას შესაბამისი რეაგირება მოეხდინა ამ ფაქტზე, კიდევ უფრო დაამძიმა ვითარება 2022 წლის საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცებით, რომელთა შედეგადაც კიდევ უფრო გაფართოვდა სახელმწიფოს უფლებამოსილება თვალთვალსა და მიყურადებასთან დაკავშირებით. ვიზიტის დროს შეხვედრების მონაწილეებმა მრავალი სხვა მაგალითიც გამიზიარეს, რომლებიც ადამიანის უფლებათა დამცველების სტიგმატიზაციასა და მათი საქმიანობის დელიგიტიმაციას ეხება. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა შეეხებოდა მმართველი პარტიის მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებას დამოუკიდებელი ჟურნალისტებისა და გარემოს დამცველების წინააღმდეგ, მსგავსი შინაარსის განცხადებებს კორუფციასთან მებრძოლი აქტივისტების წინააღმდეგ და ერთ-ერთი მაღალჩინოსნის უკიდურესად შემაშფოთებელ კომენტარს LGBTQI პირების უფლებადამცველებისა და ზოგადად, ქვიარ თემის შესახებ. ქალებს განსაკუთრებით ხშირად იღებენ მიზანში. თბილისში რამდენიმე ადგილას, მათ შორის პარლამენტის შესასვლელთან შევამჩნიე პოსტერები ქალი უფლებადამცველების გამოსახულებით, რომლებსაც “ეკლესიის წინააღმდეგ ჯაშუშობაში” სდებენ ბრალს. როგორ მოხდა, რომ ადამიანებს ნება დართეს ამგვარი პოსტერები გამოეფინათ ისეთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტის შენობის წინ, როგორიც პარლამენტია და როგორ მოხდა, რომ ეს პოსტერები დღემდე არ ჩამოუხსნიათ? ასეთი მაგალითები, რომლებიც მე გამაცნეს, მიუთითებს “შინაური მტრების” ნარატივის განვითარებაზე. რასაკვირველია, ეს ნარატივი ცარიელ ადგილას არ აღმოცენებულა,“ - განაცხადა ლოლერმა. გაეროს სპეციალური მომხსენებლის შეფასებით, საქართველოში მომუშავე ადამიანის უფლებათა დამცველები შიშობენ, რომ მათი ფიზიკური უსაფრთხოება საფრთხის ქვეშაა და რომ სახელმწიფო აქტიურად ცდილობს მათი საქმიანობის დისკრედიტაციას და მათი რისკის წინაშე დაყენებას - ეს ფაქტი განგაში ზარები უნდა იყოს ნებისმიერი იმ ხელისუფლებისთვის, რომელიც ამტკიცებს, რომ ადამიანის უფლებების დაცვა, დემოკრატია და კანონის უზენაესობა მისი პრიორიტეტია. ლოლერი აღნიშნავს, რომ მისი ვიზიტის განმავლობაში შემაშფოთებელი შემთხვევების შესახებ მოისმინა ინფორმაცია, თუმცა ეს პრობლემები არ არის შეუქცევადი. „როდესაც საქართველოში ჩემი ვიზიტი დავიწყე, გამიჭირდა იმ აზრთან შეგუება, რომ მოჩვენებითი ღიაობით საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, შენიღბოს ადამიანის უფლებათა დამცველებისა და მათი უმნიშვნელოვანესი საქმიანობის ძირგამომთხრელი სისტემური ძალისხმევა. მე სიამოვნებით მივიღებ გამოწვევას და მოვისმენ საპირისპირო არგუმენტებს ხელისუფლების მხრიდან, თუმცა, ჩემს ამ, საკმაოდ დასაბუთებულ წუხილს იზიარებს მრავალი ის ადამიანი, რომლებთანაც შეხვედრა მქონდა ამ ვიზიტის ფარგლებში და სწორედ ამის გამო, ეს მიგნება ერთ-ერთი ძირითადია ჩემს საწყის ანგარიშში. მრავალი ქართველი ადამიანის უფლებათა დამცველი აღნიშნავს, რომ მათი აზრით, სახელმწიფო არ ზრუნავს არც მათი საქმიანობის ხელშეწყობაზე და არც მათი უსაფრთხოების დაცვაზე. ისინი ასევე ფიქრობენ, რომ ქვეყანაში არ არის მათი საქმიანობისთვის ხელშემწყობი გარემო. უფრო მეტიც, ადამიანის უფლებათა დამცველები შიშობენ, რომ მათი ფიზიკური უსაფრთხოება საფრთხის ქვეშაა და რომ სახელმწიფო აქტიურად ცდილობს მათი საქმიანობის დისკრედიტაციას და მათი რისკის წინაშე დაყენებას. ხელისუფლებისთვის შეიძლება მიუღებელია ის, რომ ადამიანებს აქვთ ამგვარი წუხილის საფუძველი, თუმცა, უდავოა ისიც, რომ ამ განცდას იზიარებს ქვეყნაში მომუშავე ადამიანის უფლებათა მრავალი დამცველი. ეს ფაქტი განგაშის ზარები უნდა იყოს ნებისმიერი იმ ხელისუფლებისთვის, რომელიც ამტკიცებს, რომ ადამიანის უფლებების დაცვა, დემოკრატია და კანონის უზენაესობა მისი პრიორიტეტია,“ - განაცადა ლოლერმა. მანვე აღნიშნა, რომ უფლებადამცველებისთვის გაუარესებული მდგომარეობის გამოსწორებისთვის ნაბიჯები დაუყოვნებლივ უნდა გადაიდგას. გაეროს სპეციალური მომხსენებელი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციებით მიმართავს და მათი განხორციელების უზრუნველსაყოფად ხელისუფლებასთან თანამშრმლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. „საქართველო ახლა გზაჯვარედინზე დგას. მალე გახდება ცნობილი ევროკავშირის გადაწყვეტილება, ხოლო ქვეყანა თავის პირველ, სრულად პროპორციულ არჩევნებს მომავალ წელს გამართავს. ადამიანის უფლებათა დამცველების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულება განსაზღვრავს იმას, თუ რა გზას აირჩევს ქვეყანა ამ მოვლენების წინა პერიოდში. ჩემი ვიზიტის განმავლობაში მოვისმინე შემაშფოთებელი შემთხვევების შესახებ, თუმცა, ეს პრობლემები არ არის შეუქცევადი. ვიზიტისას გამართული მრავალი შეხვედრიდან, იქნებოდა ეს სახელმწიფო სტრუქტურების და მთავრობის წარმომადგენლებთან თუ ადამიანის უფლებათა დამცველებთან, იმედიანად გამოვედი. იგივეს განვიცდი, როდესაც თბილისის ქუჩებში ახალგაზრდებს ვუყურებ. მათი ინტრესის წინ დაყენება და ადამიანების გაძლიერება უფლებების დასაცავად პარალელური პროცესებია. რეპრესიები და მეორე მხარის აუგად მოხსენიება - ეს არის გზა არსაით. მე კვლავაც გავაგრძელებ საქართველოში ადამიანის უფლებათა დამცველების მდგომარეობაზე თვალყურის დევნებას და ადამიანის უფლებათა საბჭოსთვის საბოლოო ანგარიშის წარდგენამდე 2025 წლის მარტში, ვითანამშრომლებ მთავრობის წარმომადგენლებთან. მაგრამ, უფლებადამცველებისთვის გაუარესებული მდგომარეობის გამოსწორებისთვის ნაბიჯები დაუყოვნებლივ უნდა გადაიდგას. ამისთვის მე მოვუწოდებ ყველა შესაბამის აქტორს, ყურადღება გაამახვილონ მოცემული საწყისი რეკომენდაციების შესრულებაზე. მე სიამოვნებით ჩავერთვები ხელისუფლებასთან კომუნიკაციაში მათი განხორციელების უზრუნველსაყოფად,“ - განაცხადა გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა.