თეგი: მესინა
რატომ არის მესინის ხიდის მშენებლობა კრიტიკული მნიშვნელობის პროექტი იტალიისა და ევროპისთვის
სამხრეთ იტალიაში, სიცილიას და კალაბრიას შორის, მესინის ხიდის მშენებლობა სავარაუდოდ, ოქტომბერში დაიწყება. იტალიის ხელისუფლება მას ეროვნული უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან პროექტად მიიჩნევს. პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ პროექტი ეროვნული ერთიანობის სიმბოლოდ შეაფასა. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, ისტორიაში პირველად, მატერიკული იტალია და სიცილია მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურით დაუკავშირდებიან ერთმანეთს. მსოფლიოში ყველაზე დიდი - 3.3 კილომეტრის სიგრძის, ერთმალიანი ხიდი, რეგიონში სატრანსპორტო რევოლუციის პერსპექტივას ხსნის. პროექტი კალაბრიაში 40-კილომეტრიანი საგზაო და სარკინიგზო კავშირების, სამი ახალი რკინიგზის სადგურისა და ბიზნეს ცენტრის მშენებლობას მოიცავს. პროექტი გულისხმობს 3,666 მეტრიანი, გემბანის მქონე ხიდის მშენებლობას. სიცილიაში 10.4-კილომეტრიანი გზა და 17.5 კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზი აშენდება, რომელიც მესინა-კატანიასა და მესინა-პალერმოს შორის არსებულ რეგიონულ ქსელს დაუკავშირდება. მესინაში სამი რკინიგზის სადგური (პაპარდო, ანუნციატა, ევროპა) უნდა აშენდეს, რაც რეგიონების მობილობას რადიკალურად შეცვლის. დაახლოებით, 60 მეტრის სიგანის გემბანს თითოეულ მიმართულებაზე, სამი სატრანსპორტო ზოლი, ორი სარკინიგზო ხაზი და ორი მომსახურების ზოლი ექნება, რაც უზრუნველყოფს სწრაფ, სტაბილურ და ეფექტიან კავშირს კონტინენტსა და სიცილიას შორის, რომლის მოსახლეობაც ხუთ მილიონს შეადგენს. მას დღეში 200-მდე მატარებლის გატარება შეეძლება. ასევე, უზრუნველყოფს საათში 6,000 მანქანის გადაყვანას — ყოველდღიურად, მთელი წლის განმავლობაში. კომპანია Stretto di Messina-მ და ევროკავშირის კლიმატისა და ინფრასტრუქტურის აღმასრულებელმა სააგენტომ (CINEA) ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ბრიუსელი ხიდის სარკინიგზო გაზთან დაკავშირებულ სამუშაოს თანადაფინანსებას უზრუნველყოფს. პროექტი ნაწილია ევროპის ერთიანი სატრანსპორტო ქსელის (TEN-T), რომლის მიზანიც რეგიონების მჭიდრო ინტეგრაცია, გამტარობის გაზრდა და მდგრადი სატრანსპორტო კავშირების განვითარებაა. პროექტი ნაწილია ევროპის ერთიანი სატრანსპორტო ქსელის (TEN-T), რომლის მიზანიც რეგიონების მჭიდრო ინტეგრაცია, გამტარობის გაზრდა და მდგრადი სატრანსპორტო კავშირების განვითარებაა. ევროკავშირის ინვესტიცია კონკრეტულად მიემართება რკინიგზის ხაზების მშენებლობასა და მოდერნიზაციაზე, რაც გააუმჯობესებს სამხრეთ იტალიის კავშირს ეროვნული და ევროპული ეკონომიკის ძირითად ჰაბებთან. ხიდი სიცილიასა და კალაბრიას, ევროპული რკინიგზისა და გზების ქსელთან გააერთიანებს, რაც არამხოლოდ შეამცირებს გადაზიდვის დროს სამხრეთ რეგიონებიდან ჩრდილოეთ ევროპამდე, არამედ, გააძლიერებს პორტების, ტერმინალების და ლოგისტიკური ჰაბების ფუნქციონირებას სამხრეთ იტალიაში. მესინას სრუტის ხიდი უფრო ფართო საინვესტიციო პროგრამის ნაწილია, რომელიც სამხრეთ იტალიას თანამედროვე და მდგრადი ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფს, რაც გააუმჯობესებს მის კავშირებს ქვეყნის დანარჩენ ნაწილთან და ევროპის სხვა ნაწილებთან. პროექტი ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელისა (TEN-T) და სკანდინავია-ხმელთაშუა ზღვის დერეფნის ნაწილი იქნება, რომელიც ევროპასა და ხმელთაშუა ზღვაში სამხრეთ იტალიის შემდგომი ლოგისტიკური, ეკონომიკური და სოციალური დონის ინტეგრაციისთვის და მისი სტრატეგიული როლის გასაძლიერებლად არის შექმნილი. მესინის ხიდის მშენებლობის პროექტი იქნება ევროპის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო მარშრუტის — Palermo–Helsinki დერეფნის ნაწილი, რომელიც თავის მხრივ, ინფრასტრუქტურას ჩრდილოეთიდან სამხრეთ ევროპამდე აკავშირებს. „მესინის სრუტის ხიდი „დასავლეთში ყველაზე დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი იქნება,“ - აცხადებს ტრანსპორტის მინისტრი მატეო სალვინი. მან კვლევებზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ პროექტის მიხედვით, წელიწადში 120 000 სამუშაო ადგილს შექმნის და სამხრეთ იტალიაში ეკონომიკურ ზრდას დააჩქარებს, რადგან მილიარდობით ინვესტიცია იდება გზებსა და ხიდის თანმხლებ სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებში. მინისტრის თქმით, პროექტი ასევე დიდ ინტერესს იწვევს ევროკომისიისა და სხვა ევროპული ქვეყნებისთვის, რომლებიც ხიდს ხმელთაშუა ზღვასა და სკანდინავიას შორის „ფუნდამენტური ევროპული დერეფნის“ რგოლად მიიჩნევენ. „ეს არის პროექტი, რომლის პრეცედენტიც მსოფლიოში არ არსებობს,“ - განაცხადა თავის მხრივ, იტალიის ვიცე-პრემიერმა მატეო სალვინიმ რომში გამართულ პრესკონფერენციაზე. „ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი სულ უფრო აქტიურად ცდილობს თავისი გავლენის გავრცელებას ხმელთაშუა ზღვის რეგიონში,“ — განაცხადა მელონიმ ჟურნალისტებთან, NATO-ს სამიტის კულუარებში, ივნისში, იმ დროს, როცა იტალიელი სტრატეგები მზარდ შეშფოთებას გამოთქვამდნენ მოსკოვისა და ლიბიის მჭიდრო ურთიერთობებზე. „არსებობს მრავალი ჰიბრიდული საფრთხე და არაერთი მტრული აქტორია, ვინც NATO-ს ალიანსის სამხრეთ ფლანგზე მოქმედებს,“ — აღნიშნა მელონიმ. „მესინის სრუტის ხიდი სამხედრო მობილურობის თვალსაზრისით, სამხრეთ იტალიაში NATO-ს მნიშვნელოვანი ბაზების არსებობის გათვალისწინებით, ფუნდამენტურ ინფრასტრუქტურას წარმოადგენს,“ - წერდა იტალიის ხელისუფლება ანგარიშში, რომლის თანახმად, პროექტი „საზოგადოებრივი ინტერესის“ უპირატესი საგანია. ანგარიშში ნათქვამია, რომ გზა და სარკინიგზო ხიდი „მთავარ როლს შეასრულებს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონტექსტში — ხელს შეუწყობს იტალიისა და NATO-ს მოკავშირეების შეიარაღებული ძალების გადაადგილებას.“ ანგარიშში ხაზგასმულია „ხმელთაშუა ზღვის, როგორც გეოპოლიტიკურად მგრძნობიარე არეალის მზარდი როლი.“ აღსანიშნავია, რომ მშენებლობის ღირებულება ორი ათწლეულის წინ, პირველი ტენდერის გამოცხადებისას, მოსალოდნელი 4.4 მილიარდი ევროდან, ამჟამად, 13 მილიარდ ევრომდე გაიზარდა.