თეგი: მეტროსადგური „გოცირიძე“
მეტროსადგური „გოცირიძე“ მგზავრთა მომსახურებას დღეიდან განაახლებს
მეტროსადგურ „გოცირიძის“ სრული რეაბილიტაცია-განახლება დასრულდა და 18 მარტიდან სადგური მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. განახლებული მეტროსადგური დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა. „ძალიან ბევრჯერ მომიწია განმარტებების გაკეთება იმასთან დაკავშირებით, თუ რა იყო სამუშაოების შეფერხების მიზეზი და რატომ იყო ამხელა პრობლემა. სამწუხაროდ, არიან ისეთი კომპანიები, რომლებიც ხელშეკრულების ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს არ და ვერ ასრულებენ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პრობლემა იყო ის, რომ ორივე კონტრაქტორი კომპანიის შეცვლა მოგვიწია და ამის გამო გაიწელა დრო“, განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერიის ცნობით, სადგურის რეაბილიტაციის ფარგლებში, განახლდა ინტერიერი და ექსტერიერი, სრულად გადაიხურა მგზავრთა ჩასასხდომი ბაქანი და ჩატარდა მისი გამაგრების სამუშაო. ასევე, სადგური ადაპტირდა შშმ პირებისთვის: დამონტაჟდა ორი ლიფტი და მოეწყო სპეციალური ტაქტილური ბილიკები. „რეაბილიტაცია ჩაუტარდა, როგორც სადგურის ვესტიბიულს, ასევე ბაქანს. გარემონტდა თანამშრომლებისთვის განკუთვნილი ოთახები და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, შეიცვალა გახმოვანების სისტემა. სრულად გამოიცვალა სადგურის ელექტროსისტემები. რეაბილიტირდა მგზავრთა მისაღები ბაქანიც. პროექტის ბიუჯეტმა 4.7 მლნ ლარი შეადგინა“, - აცხადებენ მერიაში.