თეგი: მეტროსადგური „ვარკეთილი“
მეტროსადგურ „ვარკეთილს“ რეაბილიტაცია დაკეტვის გარეშე ჩაუტარდება
მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარეაბილიტაციო სამუშაო სადგურის დროებით დაკეტვის გარეშე ჩატარდება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მერის განმარტებით, რეაბილიტაციის პროცესი გაჭიანურდა, რადგან გამარჯვებულმა კომპანია „მამისონმა“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები „ვერ და არ შეასრულა.“ „იცით, რომ აღნიშნული მეტროსადგურის რეაბილიტაცია, სიმართლე ვთქვათ, გაჭიანურდა. ჯერ იყო გამარჯვებული კომპანია „მამისონი“, რომელმაც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ და არ შეასრულა, შესაბამისად, მოგვიწია აღნიშნული კომპანიის გაშვება. დღეს ამ სამუშაოებს ახორციელებს „ბადა კონსტრაქშენი“. მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია, რა ეტაპზე ვართ, რა სამუშაოები მიმდინარეობს, როგორ წარიმართება დროის თვალსაზრისით. გახსოვთ, მთავრობის რამდენიმე სხდომის წინ, როდესაც ვიწყებდით აღნიშნული პროექტის განხორციელებას, ვთქვი, რომ რამდენიმე ხნით მოგვიწევდა მეტროსადგურ „ვარკეთილის“ დროებით დაკეტვა, რათა სამუშაოები ჩატარებულიყო. დღეს მინდა, საზოგადოებას მივაწოდო სიახლე, კარგი ინფორმაცია გვაქვს ამ მიმართულებით, რომ სადგურის დროებით დაკეტვა არ დაგვჭირდება, ისე განხორციელდება სამუშაოები. მინდა, ასევე მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ სამუშაოების შესრულების ჯამური ვადა შეადგენს 18 თვეს და, გეგმის მიხედვით, უნდა დასრულდეს მომდევნო წლის ზაფხულში,“ – აღნიშნა კახა კალაძემ. მისი თქმით, რეკონსტრუქციის ფარგლებში, უკვე შემუშავდა სამუშაოთა წარმოების პროექტი. სადგურის ბაქანზე განხორციელდა აზბესტის ჭერის დემონტაჟი სრულად; მიმდინარეობს ბაქნის ქვედა სამეურნეო სივრცეების სარემონტო სამუშაოები; განხორციელდა ბაქნის სივრცის დეტალური სკანირება, რაც აუცილებელია ჭერის მოპირკეთების პროექტის საბოლოო დაზუსტებისთვის. „უახლოეს პერიოდში ასევე დაგეგმილია: ესკალატორის დახრილ გვირაბში აზბესტის ჭერის დემონტაჟი; ბაქნის იატაკზე არსებული ფილების დემონტაჟი, მოჭიმვის მოწყობა და პროექტით გათვალისწინებული ფილების მონტაჟი. როგორც გითხარით, სამუშაოები არ საჭიროებს მეტროსადგურის დახურვას და ის ჩვეულ რეჟიმში იფუნქციონირებს. გარკვეულ არეალებში იქნება შეზღუდვები, როდესაც უშუალოდ ბაქნის მოპირკეთების სამუშაოები წარიმართება,“ – განაცხადა თბილისის მერმა.