თეგი: მთავარეპისკოპოსი ზენონი
მთავარეპისკოპოსი ზენონი, საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიიდან გათავისუფლდა -საქართველოს საპატრიარქო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ბრძანებით, დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის მღვდელმთავარი, მთავარეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული) საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის ხელმძღვანელობიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. განცხადების თანახმად, გადაწყვეტილების მიზეზი დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამრევლოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები გახდა. „საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გაგაცნობთ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამრევლოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ბრძანებით, 2022 წლის 15 ნოემბერს დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამრევლოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საპატრიარქოში შედგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდალური კომისიის სხდომა. კომისიამ იმსჯელა ზემოხსენებული საკითხის შესახებ. კერძოდ, ითქვა, რომ აღნიშნული ეპარქიის მთავარეპისკოპოს ზენონს (იარაჯული) მიმდინარე წლის 26 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ გაეგზავნა წერილი თხოვნით, ახლო მომავალში ჩამოსულიყო საქართველოში, რათა მისი მხრიდანაც მომხდარიყო ინფორმაციის მოწოდება შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. მეუფე ზენონმა, დაგეგმილი საქმიანი შეხვედრების საბაბით, 10 ნოემბრამდე გადადო გამომგზავრება, თუმცა დათქმულ დროსაც არ ჩამოვიდა მიზეზის აუხსნელად და კვლავ გადადო ჩამოსვლა გაურკვეველი ვადით. კომისიამ არასაპატიოდ მიიჩნია მთავარეპისკოპოს ზენონის ეს ქმედება და, ეპარქიაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, მის დაუსწრებლად შეუდგა საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამრევლოში განვითარებული მოვლენების შესწავლას. წმინდა სინოდის წევრები დეტალურად გაეცვნენ არსებულ ვითარებას და მიიჩნიეს, რომ მთავარეპისკოპოსი ზენონი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიიდან. აღნიშნულის შესახებ კომისიის დასკვნა გადაეცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, როგორც საქართველოს ეკლესიის სინოდიდან სინოდამდე პერიოდში უმაღლეს საეკლესიო მმართველს. უწმინდესისა და უნეტარესის 2022 წლის 16 ნოემბრის ბრძანების საფუძველზე, დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის მღვდელმთავარი, მთავარეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული) 2022 წლის 16 ნოემბრიდან გათავისუფლებულ იქნა საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის ხელმძღვანელობიდან და შეუნარჩუნდა დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიის მმართველობა. საკითხი საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად კი განიხილება წმინდა სინოდის სხდომაზე”, - ნათქვამია განცხადებაში.
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ჩემ წინააღმდეგ მომართულია გარე და შიდა ძალები, რომელთაც სურთ ჩემი სულიერი და ფიზიკური განადგურება
დმანისისა და ლორე-ტაშირის ეპარქიის მღვდელმთავრის, მთავარეპისკოპოსი ზენონის (იარაჯული) განცხადებით, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის საკითხი სინოდის სხდომაზე განსახილველად არ გატანილა - ეპარქიის საკითხი მომავალში განიხილება, რის შემდეგაც მიიღება გადაწყვეტილება ეპარქიის მმართველის ვინაობის შესახებ. მისივე განმარტებით, სინოდის სხდომამდე ის კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდა და შესთავაზა, რომ აღნიშნული ეპარქია დროებით უშუალოდ მისი ზედამხედველობის ქვეშ მოქცეულიყო, რაც პატრიარქმა მიზანშეწონილად მიიჩნია. „უკანასკნელ ჟამს, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამწყსოს ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა საზოგადოებაში აღძრა ფართო ინტერესი, თუ რა ხდება იქ სინამდვილეში. ამიტომ მიზანშეწონილად მივიჩნევ, რომ წმინდა სინოდის სხდომის შემდეგ მცირეოდენი კომენტარი გავაკეთო აწ უკვე საქართველოს საპატრიარქოს შესაბამისი სამსახურის მიერ გავრცელებულ სხდომის განჩინების /14.02.2023 / მესამე პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც ეხება დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიას და პირადად მე. გაცნობებთ, რომ სინოდის სხდომის დასაწყისამდე მცირე დროით შევხვდი მის უწმინდესობა და უნეტარესობა ილია მეორეს და ვისაუბრეთ ამ საკითხის ირგვლივ. საპატრიარქომ წმიდა სინოდის სხდომის განჩინება გამოაქვეყნა ეპარქიაში განვითარებული მოვლენები კომპლექსურ ხასიათს ატარებს და რამდენადაც აღნიშნული დღე, არსებული მოცემულობის გამო, საკითხთა საფუძვლიანი განხილვის შესაძლებლობას არ იძლეოდა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს შევთავაზე აღნიშნული ეპარქია დროებით უშუალოდ მისი ზედამხედველობის ქვეშ მოქცეულიყო. მისმა უწმინდესობამ მიზანშეწონილად მიიჩნია შეთავაზება და მიმართა წმინდა სინოდს რათა სინოდური დადგენილებით დამტკიცებულიყო დროებითი ზედამხედველობა. წმინდა სინოდმა მიიღო და დაამტკიცა კათოლიკოს -პატრიარქის შეთავაზება. დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის საკითხი სინოდის სხდომაზე განსახილველად არ გატანილა. შესაბამისად განვმარტავ, რომ ეპარქიის საკითხი სამომავლოდ იქნება განხილული, რის შემდეგაც იქნება მიღებული გადაწყვეტილება ეპარქიის მმართველის ვინაობის შესახებ. ასეთი იყო მისი უწმინდესობისა და ჩემი პოზიცია. კიდევ ერთხელ მსურს აღვნიშნო, რომ საკითხი კომპლექსურია და მეტად საყურადღებო. ამ დროისათვის შემოვიფარგლები მცირეოდენი განცხადებით და დავძენ: ჩემს წინააღმდეგ მომართულია გარე და შიდა ძალები, რომელთაც სურთ ჩემი სულიერი და ფიზიკური განადგურება. არ ვაპირებ რაიმე სახის პოლემიკაში შევიდე იმ ადამიანებთან, რომელთაც სურთ ამ საკითხების მიჩქმალვა-ნიველირება და პერსონალური თავდასხმებით ცდილობენ საკუთარი დეგრადირებული აზროვნების ნაყოფის საზოგადოებისთვის თავს მოხვევას. მათი ქმედებები პირველ რიგში უკავშირდება ჩემს პოზიციას შიდა და საგარეო საეკლესიო პოლიტიკის საკითხებზე, რის შესახებაც საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. ამავდროულად, მკაფიოდ განვმარტავ - ჩემი საქმიანობა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მუდამ მიმართული იყო ეკლესიისა და სახელმწიფოს ინტერესების დაცვისკენ. სწორედ ეს გარემოება არ მაძლევს უფლებას არ მოვახდინო რეაგირება ზემოთაღნიშნულ ფაქტზე. აქვე ვაცხადებ, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მიმდინარე ცალკეული პროცესები მიმართულია არა მხოლოდ თავად ეკლესიის, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ და უდიდესი სიფრთხილე და გონიერებაა აუცილებელი იმისთვის, რათა ამ პროცესებიდან ეკლესიაც და სახელმწიფოც დაზიანებული არ გამოვიდეს“, - აღნიშნავს მთავარეპისკოპოსი ზენონი Facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში.