თეგი: მთავრობის სხდომა
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული შვიდი საკითხი განიხილეს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს კანონის პროექტი ,,რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“, რომელიც რაჭაში ახალი დაცული ტერიტორიების შექმნას ითვალისწინებს. მთავრობის გადაწყვეტილებით, რაჭის ეროვნული პარკი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში 50 894 ჰექტარზე შეიქმნება. დაცული ტერიტორიების დაარსების შედეგად, რეგიონში შეიქმნება ადმინისტრაციული ცენტრი და გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები, ასევე უზრუნველყოფილი იქნება რეგიონში არსებული ბიომრავალფეროვნების, ლანდშაფტებისა და ეკოსისტემების დაცვა-შენარჩუნება და ბუნებრივი რესურსის მდგრადი მართვა. მთავრობის წევრებმა ასევე განიხილეს საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საბაზო თანამდებობრივი სარგოს გადაანგარიშების მექანიზმის შემუშავების ეტაპებისა და პრინციპების დამტკიცების თაობაზე”, რომელიც საჯარო სექტორში შრომითი ანაზღაურების მოწესრიგებას ეხება. განკარგულების პროექტის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ევალება, „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან ერთად, მოამზადოს და საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგინოს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის საფუძველზეც „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საბაზო თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით.
რა საკითხები განიხილეს მთავრობის სხდომაზე
მთავრობის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული შვიდი საკითხი განიხილეს. ადმინისტარციის ცნობით, მთავრობის წევრებმა იმსჯელეს ,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც „მოწესრიგდება დიპლომატიურ სამსახურში როტაციის ციკლი, რომლითაც დარეგულირდება საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში თანამშრომლეთა გრძელავდიანი მივლინებით წარგზავნის წესი და ვადები“.ასევე, განსახილველ საკითხთა შორის იყო საქართველოს კანონის პროექტი ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც გარე ვაჭრობის საკითხების დარეგულირებას ითვალისწინებს. ცვლილების მიხედვით, მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ნებართვის გარეშე გარე ვაჭრობისა და არასათანადო რეკლამის განთავსებისათვის დარღვევებზე სანქციები და ჯარიმების გავრცელდება. აღნიშნულ მუხლებს ემატება სანქციები ამ მუხლებით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენისათვის.
ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე, ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები განიხილა
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. საბჭოს წევრებმა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები, აგრეთვე მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს და მთავრობის ახალ ინიციატივებთან დაკავშირებით სამუშაო რეჟიმში იმსჯელეს. სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ საბჭოს წევრებს ბათუმში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. აღინიშნა, რომ მიუხედავად მსოფლიოში შექმნილი ვითარებისა, ქვეყანას ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს და აღნიშნული ტენდენციის შესანარჩუნებლად მთავრობის ეკონომიკური გუნდი მუშაობას აქტიურ რეჟიმში გააგრძელებს.
ცნობილია, რა საკითხები განიხილეს მთავრობის სხდომაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე 10 საკითხი განიხილეს. „განსახილველ საკითხთა შორის იყო ცვლილება საქართველოს კანონის პროექტში - „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები. კერძოდ, 2023 წლიდან, წამლებზე რეფერენტული ფასები დაწესდება - სახელმწიფო ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს ადგენს, რომელზე ძვირადაც დაუშვებელი იქნება მედიკამენტის რეალიზაცია, რაც მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა. რეფორმის მიზანი ხარისხიანი მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდა, სამართლიანი ფასებისა და კონკურენტული და გამჭვირვალე ფარმაცევტული ბაზრის უზრუნველყოფაა. წინასწარი გათვლებით, რეფერენტული ფასების დაწესება, საშუალოდ, 40%-ით გააიაფებს წამლების ღირებულებას. პირველ ეტაპზე, რეფერენტული ფასები, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დაწესდება, ეტაპობრივად კი ფასების რეგულირების მექანიზმი სხვა ჯგუფის მედიკამენტებზეც გავრცელდება. აღსანიშნავია, რომ მთავრობის ინიციატივით, 2022 წლის მარტიდან, თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი გაიხსნა, რამაც 60-80%-ით შეამცირა საქართველოში მედიკამენტების ღირებულება. შედეგად, წლიურად, ქვეყნის 100 ათასამდე მოქალაქე, დაახლოებით, 200 მილიონ ლარამდე თანხას დაზოგავს, რეფერენტული ფასების დაწესება კი წამლების ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო გააუმჯობესებს. აგარეთვე, განსახილველ საკითხთა შორის იყო ცვლილება 2013 წლის 21 თებერვლის N 36 დადგენილებაში - ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“. კერძოდ, ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში ამოქმედდება ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციისა და თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგად განვითარებული მდგომარეობის რეაბილიტაციის პროგრამა, რაც პაციენტებს შესაძლებლობას მისცემს, დროულად დაიბრუნონ ფუნქციური უნარ-ჩვევები და თავიდან აიცილონ მძიმე შეზღუდვების ჩამოყალიბება. პროგრამა მოიცავს რეაბილიტაციის სრულ კურსს. ინსულტის, თავის და ზურგის ტვინის ტრავმის შემდგომი რეაბილიტაციის კომპონენტის 1 თვის ბიუჯეტი 919 250 ლარს შეადგენს. პროგრამების წლიური ბიუჯეტი კი 11 მილიონი ლარია. აღსანიშნავია, რომ 2023 წლიდან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, დაახლოებით, 770 მილიონი ლარით იზრდება, რაც უწყებას საშუალებას მისცემს გაზარდოს, როგორც საყოველთაო ჯანდაცვის, ისე - სხვა, მიზნობრივი პროგრამების დაფინანსება“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მთავრობის სხდომაზე საქართველოში პორტების, აეროპორტებისა და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე იმსჯელეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც საქართველოში პორტების, აეროპორტებისა და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე იმსჯელეს. საბჭოს წევრებმა სხდომაზე საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის მაჩვენებლებზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წლის მესამე კვარტალში 745,3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის მესამე მონაცემებზე ორჯერ მეტია. სხდომაზე ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით იმსჯელეს, მათ შორის, პორტების, აეროპორტებისა და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. განიხილეს ასევე ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი ენერგეტიკული პროექტები, ასევე, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის გასაზრდელად ქვეყანაში მაღალი ეფექტიანობისა და გარემოს დაცვითი ტექნოლოგიით აღჭურვილი თბოელექტროსადგურების მშენებლობის საკითხები. იმსჯელეს ასევე ტურიზმის სფეროში მიმდინარე პროცესებზე. ყურადღება გამახვილდა ზამთრის ტურისტულ სეზონისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მზადყოფნის საკითხთან დაკავშირებით. პრემიერმა ისაუბრა ზამთრის კურორტებზე დაგეგმილ ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და აღნიშნა, რომ გუდაურში იგეგმება ახალი საბაგიროს აშენება, რომლის გამტარუნარიანობა საათში 1800 მგზავრი, ხოლო სიგრძე 2800 მეტრი იქნება. ამასთან, პრემიერის თქმით, დამონტაჟდება გათოვლიანების სისტემა გუდაურის ორ სასრიალო ტრასაზე, რაც კიდევ უფრო მეტი კომფორტი იქნება დამსვენებლებისთვის. საბჭოს წევრებმა განიხილეს აჭარაში ციტრუსის რთველის მიმდინარეობის პროცესი. აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს საპროგნოზო მონაცემებით, 45 ათას ტონამდე ციტრუსია მოსალოდნელი. სეზონზე საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტი ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო მიიღებს, რაც შეეხება არასტანდარტულ მანდარინს, ქობულეთის საკონსერვო ქარხანა შეუზღუდავი რაოდენობით მიიღებს. დღეის მდგომარეობით უკვე ექსპორტირებულია 4 500 ათას ტონამდე სტანდარტული მანდარინი, რაც შეეხება არასტანდარტულ ციტრუსს მიღებული და გადამუშავებულია 200 ტონა.
მთავრობამ ქარის, მზის და ჰიდროენერგიის პროექტები განიხილა - ვინ არიან ინვესტორები
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 14 საკითხი განიხილეს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. განსახილველ საკითხებს შორის იყო საკითხი სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს „500 Georgia, L.P ვენჩერულ საინვესტიციო ფონდში“ მონაწილეობასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ ინოვაციური ბიზნესის განვითარებამ მიაღწია იმ საფეხურს, როდესაც გლობალური მასშტაბის მოთამაშეები ინტერესდებიან ქართულ სტარტაპ-ეკოსისტემაში ინვესტირებით. 500 Georgia არის 20 მილიონ აშშ დოლარიანი ვენჩურული ფონდი, რომელიც დაფუძნდა 500 Global-ის მიერ ქართულ სტარტაპებში ინვესტირების, ინოვაციების მხარდაჭერისა და შემდგომი განვითარების მიზნით. აღსანიშნავია, რომ ეს იქნება ვენჩურული ფონდი, რომელშიც, საქართველოს მთავრობასთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს კერძო სექტორი - ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო იქნება ფონდის პარტნიორი 5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციით. განსახილველ საკითხთა შორის იყო ასევე საქართველოს მთავრობის განკარგულების რამდენიმე პროექტი, რომლებიც საქართველოში ქარის, მზისა და ჰიდრო-ელექტროსადგურების განვითარებას ეხება. აღნიშნული პროექტების დადგმული სიმძლავრე 153 მეგავატზე მეტია. მთავრობის წევრებმა იმსჯელეს ასევე საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტის შესახებ „საქართველოს მთავრობასა და შპს ,,ვინდ ფარმს“ შორის ,,ქსნის ქარის“ ელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე“, რომლის საფუძველზეც საქართველოს მთავრობასა და შპს ,,ვინდ ფარმს“ შორის დაიდება ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც კომპანიამ 12 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯებით უნდა ჩაატაროს ,,ქსნის ქარის“ ელექტროსადგურის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა. პროექტის განხორციელება იგეგმება კასპის მუნიციპალიტეტში. პროექტის მიხედვით, სავარაუდო დადგმული სიმძლავრე 50 მგვტ იქნება, სავარაუდო წლიური გამომუშავება 173,5 მლნ.კვტ.სთ, საპროექტო ღირებულება კი 59,4 მლნ. აშშ დოლარი. სხდომაზე ასევე განიხილეს საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და შპს „იუნაითიდ ფაუერ ენერჯი“ შორის „დევაში ჰესის“ ჰიდროელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე“, რომლის საფუძველზეც კომპანიამ 15 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯებით უნდა ჩაატაროს „დევაში ჰესის“ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა. ჰიდროელექტროსადგურის ადგილმდებარეობაა ლენტეხის მუნიციპალიტეტი, მდინარე დევაში. პროექტის მიხედვით, სავარაუდო დადგმული სიმძლავრე 5,45 მგვტ იქნება, სავარაუდო წლიური გამომუშავება 28 მლნ.კვტ.სთ. საპროექტო ღირებულება კი 4,389 მლნ. აშშ დოლარი. მთავრობის წევრებმა ასევე განიხილეს საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „ახალი სამგორის“ მზის ელექტროსადგურის პროექტის კონცეფციის მოწონებისა და თანმდევი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“, რომლის საფუძველზეც „ახალი სამგორის“ მზის ელექტროსადგურის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება დაევალება სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“. ელექტროსადგურის ადგილმდებარეობაა გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი ახალი სამგორი. ელექტროსადგურის პროექტის მიხედვით, სავარაუდო დადგმული სიმძლავრე 96 მგვტ იქნება, სავარაუდო წლიური გამომუშავება196,7 მლნ.კვტ.სთ, საპროექტო ღირებულება კი 86,935 მლნ. აშშ დოლარი.