თეგი: მინსკის შეთანხმება
ენტონი ბლინკენი: კრემლის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის „აღიარება“ მინსკის შეთანხმებების უარყოფა იქნება
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის შეფასებით, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ სახელმწიფო დუმის მიმართვის კრემლის მიერ დამტკიცება, რუსეთის მთავრობის მიერ მინსკის შეთანხმებების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების უარყოფა იქნება. ბლინკენის შეფასებით, ამ რეზოლუციის ამოქმედება კიდევ უფრო გამოუთხრის ძირს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას; წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას და კიდევ უფრო კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს რუსეთის მიერ გაცხადებულ ვალდებულებას, ჩაერთოს დიპლომატიაში ამ კრიზისის მშვიდობიანი მოგვარების მისაღწევად. სახელმწიფო მდივნის შეფასებით, ეს ნაბიჯი საჭიროებს შეერთებული შტატების სწრაფ და მტკიცე რეაგირებას მოკავშირეებთან და პარტნიორებთან სრული კოორდინაციით. 15 თებერვალს, რუსეთის სახელმწიფო დუმამ დადგენილება მიიღო, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიაროს.