თეგი: მიხაილ გალუზინი
მოსკოვი აცხადებს, რომ თბილისთან კავშირების გაუმჯობესებას აპირებს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ გალუზინმა რუსულ სახელმწიფო მედია ТАСС-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი, თუნდაც დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის შემთხვევაში, აპირებს გააგრძელოს საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზაციის ხელშეწყობა. „რაც შეეხება თბილისთან დიპლომატიურ ურთიერთობებს, როგორც ცნობილია ის 2008 წელს გაწყდა [მიხეილ] სააკაშვილის რეჟიმის ინიციატივით. სამწუხაროდ, მათი აღდგენის შესაძლებლობა ექვემდებარება პოლიტიკურ მოთხოვნებს, რომლებიც ეწინააღმდეგება რეგიონის ახალ რეალობას. ჩვენი მხრივ, დიპლომატიური ურთიერთობების ნაკლებობის მიუხედავად, ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზაციის ხელშეწყობა,“ - განაცხადა გალუზინმა. გალუზინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული ხაზის წყალობით, ქვეყნებს შორის ურთიერთობებში რთული პერიოდი, რომელიც გამოწვეული იყო 2019 წელს ქართველი რადიკალების ცნობილი პროვოკაციით, დაძლეულია. „გასულ წელს გაუქმდა საქართველოს მოქალაქეების რუსეთში მოკლევადიანი მოგზაურობის სავიზო რეჟიმი, რომელიც 2000 წლიდან მოქმედებდა და აღდგა პირდაპირი ფრენები,“ - განაცხადა ლავროვის მოადგილემ. მანვე აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯები დადებითად მიიღო მთავრობამ და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ. მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა გასულ წელს „რუსეთის მიმართ პრაგმატულ ხაზს“ ატარებდა.