თეგი: მიხეილ გიორგაძე
ალმათიში, საერთაშორისო ტურნირში - ,,ლეგენდების თასი 2026'' ქართველი ვეტერანი წყალბურთელები მიიღებენ მონაწილეობას
საერთაშორისო ტურნირში - „ლეგენდების თასი“, რომელიც 2026 წლის 19-22 ივნისს, ყაზახეთის ქალაქ ალმათიში გაიმართება, საქართველოს წყალბურთის გუნდი მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და ქუთაისის ოლიმპიური საცურაო აუზისა და სპორტული კლუბის „იმერი 2023“-ის დირექტორი მიხეილ გიორგაძე და ვეტერანი წყალბურთელების გუნდი ყაზახეთში გაემგზავრებიან, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ,,ლეგენდების თასის'' ტურნირში. როგორც მიხეილ გიორგაძემ Europetime-თან საუბრისას განაცხადა, ის ფაქტი, რომ „დინამო ალმა-ატა მასტერსის“ ლეგენდარული გუნდი თავის საიუბილეო თარიღზე გვიწვევს და ყველა საორგანიზაციო საკითხს თავის თავზე იღებს, კიდევ ერთხელ მიუთითებს ქართული წყალბურთის დიდ ისტორიასა და ტრადიციებზე. „საქართველოში, ქუთაისში 2025 წელს ჩატარდა ვეტერანების ტურნირი წყალბურთში - მასში ყაზახეთი, იტალია და საქართველო მონაწილეობდნენ. ასეთი შეჯიბრები მომავალშიც იგეგმება, რაც მისასალმებელია. ისიც ნიშანდობლივია, რომ საქართველო და ყაზახეთი სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, სპორტში თანამშრომლობის გზით, წლების განმავლობაში ინარჩუნებენ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს - ამ ურთიერთობების გაღრმავებისა და სპორტული კავშირების განვითარების ერთ-ერთი მაგალითია ყაზახეთის წყალბურთის გუნდის — „დინამო ალმა-ატა მასტერსის“ მიერ ლეგენდების თასზე მიწვევაც.“ მიხეილ გიორგაძის თქმით, ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობისა და ფედერაციის პრეზიდენტ დიმიტრი აბდუშელიშვილის ერთ-ერთი პრიორიტეტია ფედერაციაში შემავალი ყველა სახეობის თანაბრად ინტერნაციონალიზაცია, შეჯიბრება, ოლიმპიადებში მონაწილეობა, რეფორმების კვალდაკვალ ამ მიმართულებით უამრავი სიახლეა დაგეგმილი, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი.