თეგი: მიხეილ ხუბუტია
რუსეთის პროკურატურა ხუბუტიას ცოლისგან მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსთვის დაბრუნებას მოითხოვს
რუსეთის გენერალური პროკურატურა სოფელ ბარვიხასა და სოფელ ჟუკოვკაში 13 მიწის ნაკვეთის ჩამორთმევას და სახელმწიფოსთვის უკან დაბრუნებას სულ ექვსი კერძო პირისგან ითხოვს, რომელთა შორის არის პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენის, მიხეილ ხუბუტიას ცოლიც. სააგენტო „ლენტა.რუ“ წერს, რომ საზედამხედველო ორგანო მიიჩნევს, რომ საჯარო მოხელეებისთვის განკუთვნილ სანატორიუმ "ბარვიხას" კუთვნილი, დაახლოებით 100 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთის პრივატიზება და გასხვისება 2000-იანი წლების დასაწყისში უკანონოდ მოხდა. პროკურატურის სარჩელზე მოპასუხე რუსეთის ექვსი მოქალაქეა, მათ შორის არის რუსეთში სამამულო იარაღის ბიზნესის ერთ-ერთი დამფუძნებლის, მიხეილ ხუბუტიას ცოლი ეკატერინა ჯანაშია. რუსული მედიის თანახმად, თავად მიხეილ ხუბუტიამ, რომელიც საქმეში მესამე პირად ითვლება, უკანონობა უწოდა პროკურატურის გადაწყვეტილებას და განაცხადა, რომ ბარვიხაში მდებარე, მისი მეუღლის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ნაციონალიზება ხდება „რუსეთის პრეზიდენტის საქმეთა სამმართველოს მიერ შემუშავებული დეველოპერული პროექტის რეალიზების გამო.“ საქართველოში, ქალაქ ზუგდიდში, დაბადებული მიხეილ ხუბუტია რუსეთში გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან ცხოვრობს. მუშაობდა სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში, დღეს კი, ფლობს რამდენიმე კომპანიას, მათ შორის მოსკოვის უდიდესი საგამოფენო კომპლექსის მმართველ სავაჭრო სახლს და იარაღის მაღაზიათა ქსელს, „კოლჩუგას.“ ხუბუტია, რომელიც "რუსეთში მცხოვრებ ქართველთა კავშირის" ხელმძღვანელიცაა, პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებული პირი და მმართველი პარტიის, „ედინაია როსიას“ წევრია. დაჯილდოებულია რუსეთის პრეზიდენტის მედლით, „მოქალაქეთა პატრიოტულ აღზრდაში აქტიური მონაწილეობისა და მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 60 წლისთავის აღნიშვნაში დიდი წვლილის შეტანისთვის.“ 2018 წლის მაისში, საზოგადოების ნაწილის პროტესტი გამოიწვია მიხეილ ხუბუტიას სტუმრობამ ზუგდიდის პირველ საჯარო სკოლაში, რომელსაც, როგორც კურსდამთავრებულმა მიულოცა 150 წლის იუბილე და მოსწავლეებს და პედაგოგებს საჩუქრები გადასცა.