თეგი: მონაცემთა დაცვის სამსახური
„ზოგიერთი ორგანიზაცია კვლავ აგზავნის არასასურველ სარეკლამო SMS-ებს" - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური
არასასურველი სარეკლამო SMS-ების გაგზავნის შეზღუდვის მიუხედავად, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით, პერსონალურ მონაცემთა სავარაუდო უკანონო დამუშავების ფაქტების არსებობაზე განცხადება გაავრცელა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა. როგორც ის აღნიშნავს, ამ პრობლემით სამსახურს მოქალაქეებმა მიმართეს. „სამსახური დადგენილ ვადებში განიხილავს სათანადო წესით წარმოდგენილ თითოეულ განცხადებას და შეაფასებს მათში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს,“ - ნათქვამია განცხადებაში. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი 1 მარტიდან მოქმედებს. მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავება დასაშვებია მხოლოდ ინფორმირებული, კონკრეტული, თავისუფალი, მკაფიო, აქტიური ქმედებით გამოხატული თანხმობის საფუძველზე. „ზოგიერთი ორგანიზაცია კვლავ აქტიურად აგრძელებს მონაცემთა სუბიექტების სარგებლობაში არსებულ სატელეფონო ნომრებზე სარეკლამო შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნას. ამგვარი ქმედება კანონიერად მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევა, თუ იგი სატელეფონო ნომრით მოსარგებლე პირის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობის საფუძველზე ხორციელდება," - ვკითხულობთ განცხადებაში. კანონის თანახმად, თუკი სარეკლამო შეტყობინების გაგზავნის წესი დაირღვევა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მიმართვის საფუძველზე განიხილავს საჩივარს და დააკისრებს ჯარიმას, რომლის ოდენობაა: 500 ათას ლარამდე ბრუნვის მქონე კომპანიაზე ან მეწარმეზე - 2000 ლარი; უფრო დიდი ბრუნვის მქონე კომპანიებისთვის - 3000 ლარი; დამამძიმებელი გარემოების აღმოჩენის შემთხვევაში ჯარიმები იზრდება. მნიშვნელოვანი გარემოებები: ადამიანს ნებისმიერ დროს შეუძლია, მოითხოვოს ინფორმაცია, რა წყაროებითაა მოპოვებული მისი საკონტაქტო მონაცემები; თუ თქვენ უარს არ იტყვით სარეკლამო შეტყობინების მიღებაზე, ამას კომპანია თანხმობად ვერ ჩათვლის.