თეგი: მოსამართლე
მიხეილ სააკაშვილი მოსამართლეს: მშვიდი ვითარება თქვენ აღარასოდეს გექნებათ
მშვიდი ვითარება თქვენ აღარასოდეს გექნებათ. რა მნიშვნელობა აქვს, გინდა დახურეთ და გინდა მოხურეთ. ეს ზღაპრები მოუყევით ბებიათქვენს, - ასე მიმართა ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილს, რომელიც სასამართლოში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმეს იხილავს. „თუ გგონიათ, რომ რომელიმე თქვენგანის ნათქვამი ვინმემ გაიგო და მოისმინა, ძალიან ცდებით. ისე ნუ გააკეთებთ, რომ წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით სხდომა დავხურო. ვინაიდან თქვენი გამოსვლა არის შეურაცხმყოფელი როგორც მოწინააღმდეგე მხარისთვის, ასევე სასამართლოსთვის, მე გაძლევთ შენიშვნას და თუ თქვენი მონაწილეობა ხელს შემიშლის სხდომის გაგრძელებაში, დავხურავთ სხდომის დარბაზს და მშვიდ ვითარებაში გავაგრძელებთ საქმის განხილვას. შეურაცხყოფას აქ არავინ არ მოითმენს“, - განაცხადა მოსამართლემ. შეგახსენებთ, რომ თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ამ დროისთვის მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. ამასთან, პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.
საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საპროცესო კოდექსის ნორმა, რომელიც გირაოს შეტანამდე ბრალდებულის გათავისუფლებას გამორიცხავდა
საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საპროცესო კოდექსის შესაბამისი მუხლის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გირაოს შეტანამდე მოსამართლის მიერ ბრალდებულის გათავისუფლებას გამორიცხავდა. ამის შესახებ ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გირაოს დაუყოვნებლივ გადახდის უზრუნველსაყოფად პირის პატიმრობაში დატოვების აუცილებლობის თაობაზე მოსამართლემ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საქმის ინდივიდუალური გარემოებებიდან გამომდინარე. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დააკმაყოფილა №1341 და №1660კონსტიტუციური წარდგინებები (თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-6 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე). წარდგინებებით სადავოდ იყო გამხდარი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმა, რომელიც განსაზღვრავდა დაკავებული ბრალდებულის მიმართ გირაოს გამოყენების წესს. კერძოდ, სადავო ნორმიდან გამომდინარე, დაკავებული პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდება გირაოს უზრუნველყოფამდე ყველა შემთხვევაში იწვევდა ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნას. წარდგინებების ავტორი მოსამართლე მიიჩნევდა, რომ სასამართლოს უნდა შეძლებოდა, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში გადაეწყვიტა, საჭირო იყო თუ არა პირის მიმართ გირაოს უზრუნველყოფის მიზნით პატიმრობის ღონისძიების გამოყენება. საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასა რამდენად წარმოადგენდა სადავო რეგულირება გამოძიებისთვის ხელშეშლის თავიდან აცილებისა და მართლმსაჯულების ჯეროვანი განხორციელების ლეგიტიმური მიზნის მიღწევის თანაზომიერ საშუალებას. საკონსტიტუციო სასამართლომ არ გამორიცხა გირაოს გადახდის უზრუნველსაყოფად, გამონაკლის შემთხვევაში, პირის პატიმრობაში დატოვების ობიექტური საჭიროება. თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ სადავო რეგულირებით, ცალკეულ შემთხვევებში, ინდივიდის ფიზიკური თავისუფლებისა და ხელშეუვალობის უფლება თვითნებურად იზღუდებოდა, რამდენადაც მის საფუძველზე პირი თავისუფლების აღკვეთის/საპატიმრო დაწესებულებაში განაგრძობდა ყოფნას იმ შემთხვევაში, როდესაც აღარ არსებობდა თავად თავისუფლების შეზღუდვის აუცილებელი, საგამონაკლისო საფუძველი. საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიარა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს პოზიცია და მიიჩნია, რომ გირაოს დაუყოვნებლივ გადახდის უზრუნველსაყოფად პირის პატიმრობაში დატოვების აუცილებლობის თაობაზე მოსამართლემ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საქმის ინდივიდუალური გარემოებებიდან გამომდინარე, არსებული საფრთხეების გათვალისწინებით. ყოველივე აღნიშნულიდან გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სადავო ნორმით ხდებოდა ადამიანის თავისუფლებას (საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტი) არათანაზომიერი შეზღუდვა, რის გამოც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-6 ნაწილის პირველი წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავდა მოსამართლის მიერ ბრალდებულის გირაოს შეტანამდე გათავისუფლებას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
აშშ-ის მიერ სანქცირებული მოსამართლე გადაწყვეტილებას ამერიკულ სასამართლოში გაასაჩივრებს
არ ვაპირებ ,,კორუმპირებულის“ იარლიყთან შეგუებას, - მოსამართლე, ირაკლი შენგელია ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს, რათა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება მის დასანქცირებასთან დაკავშირებით გაასაჩივროს. მივმართავ პრემიერს, უმოკლეს ვადებში დააორგანიზოს მოსამართლეებთან შეხვედრა - გვრიტიშვილი „მინდა ვაცნობო საზოგადოებას, რომ ვიწყებ აქტიურ მოქმედებებს, რათა მივმართო აშშ-ის მართლმსაჯულების შესაბამის ორგანოს და სადავო გავხადო ჩემი სანქცირების შესახებ უპრეცედენტო, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, კორუფციაში ჩაბმის შესახებ უმძიმესი ბრალდებით, რომელიც ჩემი ღირსებისა და რეპუტაციის წინააღმდეგ არის მიმართული. არ ვაპირებ ,,კორუმპირებულის“ იარლიყთან შეგუებას. ჩემთვის აშშ-ის ვიზა არ არის მთავარი, შესაძლოა საერთოდაც აღარასდროს გავემგზავრო იქ, არამედ მთავარია ღირსებისა და იმ საქმიანი რეპუტაციის დაცვა, რაც გამაჩნია, მთელი ცხოვრების მანძილზე საკუთარი მოვალეობების კეთილსინდისიერად და კვალიფიციურად შესრულების შედეგად. ვინაიდან ჩემი სარჩელის ადრესატი არის აშშ-ის სასამართლო, სარჩელი მას წარედგინება გარკვეულ დროში, მას შემდეგ, რაც გადავწყვეტ მისი წარდგენისათვის აუცილებელ ორგანიზაციულ საკითხებს. დარწმუნებული ვარ, სიმართლე არ დაიკარგება და სრულად აღვიდგენ ჩემს დარღვეულ უფლებებს”, - წერს შენგელია. ცნობისთვის, აშშ-მ სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ირაკლი შენგელიას, ყოფილ მოსამართლეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ვალერიან ცერცვაძეს. მოსამართლეებს და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აშშ-მ მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.
10 ქართველი მოსამართლე აშშ-ში USAID-ის პროგრამით იმყოფებოდა
USAID-თან პარტნიორობით, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის 10 ქართველი მოსამართლე საქმიანი ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა. ვიზიტი მიზნად ისახავდა გამოხატვის თავისუფლების ირგვლივ გამოცდილების გაზიარებას. შესაბამის ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს. მისივე თანახმად, სასწავლო ვიზიტისთვის მოსამართლეების შერჩევა საკმაოდ კონკურენტული იყო. ღია კონკურსში მონაწილეობა 60-მა კანდიდატმა მიიღო. „მოსამართლეები დაესწრნენ სასამართლო სხდომებს და შეხვდნენ აშშ-ის სასამართლო ექსპერტებს. ასევე ესტუმრნენ სიტყვის თავისუფლების ინსტიტუტს და ჟურნალისტთა კომიტეტს პრესის თავისუფლებისთვის, რათა მიეღოთ ინფორმაცია გამოხატვის თავისუფლების დაცვისა და იმ გამოწვევების შესახებ, რასაც ჟურნალისტები აწყდებიან. მედიასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების განხილვის მიზნით მოსამართლეები ასევე შეხვდნენ „New York Times"-ის წარმომადგენლებს. მათ, ასევე, შესაძლებლობა ჰქონდათ, დაკვირვებოდნენ დავის განხილვას აშშ-ის ფედერალურ სააპელაციო სასამართლოში და მიეღოთ ღირებული ინფორმაცია სააპელაციო პროცესების შესახებ. სასწავლო ვიზიტისთვის მოსამართლეების შერჩევა საკმაოდ კონკურენტული იყო. ღია კონკურსში მონაწილეობა სამოცმა კანდიდატმა მიიღო. შერჩეული მოსამართლეები საქართველოს შვიდ სხვადასხვა სასამართლოს წარმოადგენენ“, - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მისივე თანახმად, გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას და დემოკრატიის საყრდენს ყველგან. ის ხელს უწყობს ინოვაციას, განათლებას, საზოგადოების ინფორმირებულობას და უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს ადამიანის უფლებების დაცვაში. „გამოხატვის თავისუფლების დაცვა, ხშირად, სწორედ სასამართლოს საშუალებით ხორციელდება. შეერთებული შტატები მხარს უჭერს მოსამართლეებს და სამართლის სფეროს სხვა პროფესიონალებს, მიიღონ დასაბუთებული და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები, რომელიც თავისუფალია ყოველგვარი ზეწოლისა და გარე გავლენისგან“, - აცხადებს დიპლომატიური წარმომადგენლობა. საელჩოს განცხადებით, შეერთებული შტატები მხარს უჭერს მოსამართლეებს და სამართლის სფეროს სხვა პროფესიონალებს, მიიღონ დასაბუთებული და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები, რომელიც თავისუფალია ყოველგვარი ზეწოლისა და გარე გავლენისგან. „აშშ-ის საელჩო ხელს უწყობს მოსამართლეებს, გაეცნონ საერთაშორისო გამოცდილებას და უზრუნველყონ ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვა სასამართლო დარბაზებში. ეს ყველაფერი კი უფრო დემოკრატიული და თანასწორი საზოგადოების განვითარების წინაპირობაა.
საპარლამენტო უმრავლესობა აშშ-ის საელჩოს მიმართავს, მოეხსნათ მოსამართლეებს სანქციები
საპარლამენტო უმრავლესობა აშშ-ს საელჩოს მიმართავს, მოსამართლეებს სანქციები მოეხსნათ. შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძე უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მდინარაძემ განაცხადა, რომ ქართულ მხარეს ამ დრომდე არ მიუღია მტკიცებულება, რომელიც მოსამართლეების დასანქცირების რელევანტურობას დაადასტურებდა. „საპარლამენტო უმრავლესობის სახელით გვინდა, მივმართოთ ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის ადგილობრივ წარმომადგენლობას, საელჩოს, ქალბატონ ელჩს და ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ მისი ელჩობის დროს საკითხი ობიექტურად გადაწყდება, რომ დაიწყოს საუბარი და სანქციები, რომელიც აშშ-ს მხრიდან მოსამართლეებს დაუწესდათ, მოეხსნათ. ამ დრომდე არ გვინახავს მტკიცებულება, რომელიც ამ სანქციების რელევანტურობასაც კი დაადასტურებდა, არა თუ სანქცირების რაიმე პირობას და რეალურ საფუძველს. ამავე დროს, მიგვაჩნია, რომ საქართველოში რამდენიმე მოსამართლე ყოველგვარი საფუძვლის გარეშე არის დასანქიცრებული, ეს ახალისებს სასამართლოს წინააღმდეგ იმ მდაბიო კამპანიას, რომელსაც „ენჯეო“ სექტორის რიგით წარმომადგენლები და „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სხვადასხვა განშტოებები მიმართავენ,“ - განაცხადა მდინარაძემ. მდინარაძის თქმით, მმართველი გუნდი კატეგორიულია თავის მოთხოვნაში, მოეხსნათ სანქციები ქართველ მოსამართლეებს, ვინაიდან, მსგავსი სახის უსაფუძვლო გადაწყვეტილებები ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებს. „მაგალითად, ლაშა ჩხიკვაძის შემთხვევაში სტრასბურგმა დაადასტურა, რომ მის მიმართ აბსოლუტურად უსაფუძვლო კრიტიკა იყო და რეალურად, ეს იყო ბულინგი. ალბათ, დღეს ყველას, ვინც ამაში ირიბი მხარდაჭერაც კი რაღაც ფორმით დააფიქსირა, ბოდიში აქვს მოსახდელი ამ ადამიანის და მისი ოჯახის წევრების წინაშე. მან თავად განაცხადა, რომ მისი შვილი გარკვეულ სამედიცინო დახმარებასაც კი საჭიროებს ამ ბულინგის გამო. წარმოუდგენელია, თან მართალი იყო და თან შენ და შენი ოჯახის წევრებს ისე გაბულინგებდნენ, რომ გარკვეული სამედიცინო ჩარევებიც კი სჭირდებოდეს ამის გამოსწორებას.ამ ყველაფერს ახალისებს ყველაფერი უსაფუძვლო, მათ შორის უსაფუძვლო სანქცირება, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნისგან, როგორიც არის აშშ, რომელიც ჩვენთვის არის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენი მეგობარი. შესაბამისად, თუ რაიმე შეიძლება ანტიამერიკულ, ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებდეს, ეს არის უსაფუძვლო გადაწყვეტილებები, როგორიცაა მოსამართლეთა დასანქცირება. ამიტომ, ჩვენ კატეგორიულები ვართ ამ თხოვნაში თუ მოთხოვნაში, რომ მათ მოეხსნათ სანქციები და არ მისცეს ჩვენმა მეგობარმა რომელიმე მდაბიო და ბოროტ სუბიექტს ამ ფაქტით მანიპულირების უფლება," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ცნობისთვის, აშშ -მა ოთხ ქართველ მოსამართლეს - მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები 2023 წლის აპრილში დაუწესა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. სახელმწიფო დეპარტამენტმა განმარტა, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.