თეგი: მწვანე პასპორტი

„მწვანე პასპორტის“ საკითხი გადაიხედება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ „მწვანე საშვმა“ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ვაქცინაციის სტიმულირებაში - ამ საკითხს აუცილებლად მოუწევს რევიზია, რადგან ზოგადად იცვლება სიტუაცია და „ომიკრონმა“ ბევრი რამ სხვანაირად დაგვანახა. მისი თქმით, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ე.წ. მწვანე პასპორტის საკითხი გადაიხედება. „ეს პერიოდი და ზოგადად, პანდემიის მიმდინარეობა იმდენად დინამიკურია, რომ ერთი ინტერვენცია, რომელიც თუნდაც ერთი ან ორი თვის წინ დაინერგა, არ გამოდგება დიდი ხნის მანძილზე. ევროპამაც შეცვალა ამ „მწვანე საშვის“ კრიტერიუმი. ცუდია, რომ ჩვენს შემთხვევაში ხშირია ასეთი შემთხვევები, როდესაც რაღაცნაირად ხდება უგულვებელყოფა და პირდაპირ ღიად აცხადებენ ზოგიერთი ბიზნესობიექტები, რომ „მწვანე საშვის“ მოთხოვნები მისთვის არაფერს ნიშნავს. ეს არ არის კარგი და კარგს არაფერს მოიტანს, მაგრამ „მწვანე საშვმა“ მნიშვნელოვანი როლი ვაქცინაციის სტიმულირებაში ითამაშა - ნოემბრის მეორე ნახევრიდან დეკემბრის გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ჩვენ ვნახეთ ვაქცინაციის სტიმულაცია, როგორც ხანდაზმულ პირებში, სადაც ამოქმედდა წახალისების პროგრამა, ასევე ახალგაზრდა პირებში „მწვანე საშვის“ ინტერესი არის შედარებით ახალგაზრდა სეგმენტში. აუცილებლად მოუწევს ამას რევიზია, რადგან ზოგადად იცვლება სიტუაცია, „ომიკრონმა“ ბევრი რამ სხვანაირად დაგვანახა და სხვა ქვეყნებიდან გამოცდილებაც განსხვავებული მოდის. ვფიქრობ, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ამ საკითხს აუცილებლად დავუბრუნდებით და ანალიზი გაკეთდება იმის, რაც აქამდე იყო. აქ მთავარი, რაც არის, რეგულაცია იყოს აღსრულებადი და მიმღებლობა იყოს ისეთი, რომ ამან ხელი შეუწყოს მის დანერგვას და არ გამოიწვიოს სოციალური პროტესტი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ პალიტრანიუსის ეთერში. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებითვე, „მწვანე პასპორტმა“ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ახალგაზრდა პირებში ვაქცინაციის თვალსაზრისით.

„რესტორატორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი: სასტუმროები და რესტორნები „მწვანე პასპორტების“ გაუქმებას ითხოვენ

"საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე აცხადებს, რომ სასტუმროები და რესტორნები „მწვანე პასპორტების“ გაუქმების მოთხოვნით გამოდიან. შოთა ბურჯანაძის განცხადებით, „მწვანე პასპორტები“ ვეღარ მუშაობს და მხოლოდ ეკონომიკას აბრკოლებს. მისი განმარტებით, მსგავსი რეგულაციების გაგრძელების პირობებში, სარესტორნო სფერო ძალიან დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდება. „ძალიან მარტივია დღეს რეალობის ახსნა, ეპიდემიას ვერავინ ვერ ერევა და აკონტროლებს. რეალურად, ჩვენ ვართ იმ სიტუაციაში, მეექვსე ფაზაში, 18-17 ათასი შემთხვევაა ყოველდღიურად. დღესდღეობით რა შეზღუდვებიც არის დაწერილი ფურცელზე, „მწვანე პასპორტებთან“ მიმართებაში, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ფიქცია. ეს არის ფურცელზე დაწერილი რეალობა, რომელიც არაფრის მაქნისი არ არის რეალურად. ამით კვდება ბიზნესი, იხურება რესტორნები, იკარგება სამუშაო ადგილები. ძალიან დიდი გადინებაა იმ პროფესიონალების, რომლებიც 20 წლის განმავლობაში იზრდებოდნენ და მხოლოდ ცუდი შედეგები გვაქვს. ჩემი დღევანდელი მესიჯი არის, რომ უაზრო სანქცია, რომელიც არაფრის მაქნისია, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკის დამაბრკოლებელი“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას შოთა ბურჯანაძემ.

„მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულება უქმდება

 „ომიკრონის“ გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულება უქმდება, - ეს გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ აღრიცხვიანობის ყველა სისტემა კვლავ მოქმედი რჩება და ის პირები, რომლებსაც „მწვანე პასპორტი“ საზღვარგარეთ გასამგზავრებლად ესაჭიროებათ, კვლავინდებურად შეძლებენ ამ მექანიზმით სარგებლობას. ამასთან, ინფიცირების მზარდი რაოდენობის მიუხედავად, ვითარება სრულად მართვადია, ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლა მნიშვნელოვნად არ იზრდება, პაციენტების დიდი უმრავლესობა მკურნალობს ბინაზე და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს ახორციელებენ ოჯახის ექიმები, რომელთა რაოდენობა ბოლო დღეებში კიდევ უფრო გაიზარდა. საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ვაქცინაციის მნიშვნელობას ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ე.წ რისკჯგუფების ვაქცინაცია, რათა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ დამძიმდეს. რისკჯგუფებში ვაქცინაციის წახალისების მიზნით, როგორც ცნობილია, თებერვლის განმავლობაშიც გრძელდება კამპანია და 50 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეები ვაქცინის პირველი დოზით აცრის შემთხვევაში 200 ლარს მიიღებენ, ხოლო ე.წ ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში, ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირებს 100 ლარი ჩაერიცხებათ. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, ატარონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და თავი აარიდონ ხალხმრავალ შეკრებებს, ხოლო ვირუსის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, დარჩნენ სახლში. საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 1 200 124 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 1 020 510 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 15 016 ადამიანი. ამ ეტაპზე კლინიკურ სასტუმროებში იმყოფება 2 031 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 5 454 პირი. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობს საქართველოს პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ივანე ჩხაიძე: კოვიდპასპორტმა აზრი დაკარგა

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის შეფასებით, კოვიდპასპორტის საკითხის გადახედვა საჭირო იყო, გარკვეული დებულებები შესაცვლელი, მაგრამ გასაუქმებელი არ იყო. „ჩვენ თავიდან დიდი სურვილი გვქონდა, რომ კოვიდპასპორტი სხვა ფორმატით ყოფილიყო გამოყენებული, ვინაიდან „ომიკრონის“ შემოსვლის შემდეგ გარკვეული დებულებები, რომლებიც კოვიდპასპორტის ორიგინალურ ვერსიაში იყო, უკვე არ შეესაბამებოდა რეალობას. განსაკუთრებით, გადატანილი კორონავირუსის ვადის დაფიქსირების გარეშე კოვიდპასპორტის აღებაზე. ამის შემდეგ „ომიკრონმა" მართლაც ბევრი რამ შეცვალა და ყველაფერი, რაც კოვიდპასპორტში უკვე წერია ცოტათი აცდენილია რეალობისაგან, იგივე გადატანის შემდეგ პერიოდი, იგივე რამდენად საიმედოა ანტიგენის სწრაფი ტესტი, 72 - საათიანი პერიოდი რამდენად შეესაბამება ჯაჭვური რეაქციის ეფექტურობას. ასე რომ კოვიდპასპორტი ჩვენი აზრით იყო გადასახედი, ჩვენი აზრით იყო გარკვეული დებულებები შესაცვლელი, მაგრამ გასაუქმებელი არა. რევიზია ნამდვილად საჭირო იყო, ჩვენ გვქონდა ამის სურვილი და სხვადასხვა ვარიანტებსაც განვიხილავდით. კოვიდპასპორტმა ჩვენთან იმ ფორმატში, რა ფორმატშიც არსებობდა, რა თქმა უნდა, აზრი დაკარგა“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ. მისივე თქმით, „ომიკრონი“ სრულიად განსხვავებული შტამია და არ არსებობს არცერთი მექანიზმი, რომელიც მის გავრცელებას შეამცირებს. „არ არსებობს არცერთი მექანიზმი, რომელიც რომელიმე ქვეყანაში, არამარტო საქართველოში, შეამცირებს „ომიკრონის“ გავრცელებას. წარმოუდგენელია, სრულიად სხვა ტიპის ვირუსია, სრულიად სხვა რანგის გავრცელების უნარი გააჩნია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვაქცინაციაზე უარი უნდა ვთქვათ. ახლა არა მგონია, საქართველოში ბევრს ჰქონდეს დარჩენილი სტიმული იმისა, რომ ვაქცინა გაიკეთოს“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ პალიტრანუსის ეთერში. შეგახსენებთ, საქართველოში „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულება უქმდება.