თეგი: მწვერვალი
მეხანძრე-მაშველებმა მწვერვალ შხელდაზე მყოფი სამი მთამსვლელი უვნებლად, მესტიაში გადაიყვანეს
10 აგვისტოს მწვერვალ შხელდაზე მეხის დაცემის შედეგად ქართველი მთამსვლელი არჩილ ბადრიაშვილი გადავარდა ქედიდან. საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის ცნობით, მიმდინარეობს სამაშველო სამუშაო. „ყველას ვთხოვთ, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან,“ წერს ფედერაცია. თავის მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა, სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე მყოფი სამი მთამსვლელი უვნებლად, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით მესტიაში გადმოიყვანეს. „მთამსვლელების ინფორმაციით, მწვერვალზე მყოფი ერთ-ერთი პირი სავარაუდოდ, მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა. მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო კი, დარჩენილი სამი პიროვნება ვერ ახერხებდა დამოუკიდებლად გადაადგილებას და სამაშველო ჯგუფის დახმარება მოითხოვეს. შეტყობინების შემოსვლისთანავე დაიგეგმა სამაშველო ღონისძიება, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს, სამეგრელო ზემო-სვანეთის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მეხანძრე-მაშველები ჩაერთნენ. მწვერვალ შხელდაზე დაკარგული მთამსვლელის სამძებრო სამუშაო ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს,“ წერს უწყება გავრცელებულ განცხადებაში.