თეგი: ნავთობპროდუქტების რეზერვუარი

რუსეთში ნავთობპროდუქტების რეზერვუარი იწვის

რუსეთის კრასნოდარის მხარეში ნავთობპროდუქტების რეზერვუარი იწვის. გუბერნატორ ვენიამინ კონდრატიევის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ ვოლნაში „ხანძარს უმაღლესი სირთულის რანგი მიენიჭა“. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის. გუბერნატორი ამბობს, რომ დასახლებული პუნქტის მცხოვრებლებს საფრთხე არ ემუქრება. კონდრატიევისვე განცხადებით, მეხანძრეები ყველაფერს აკეთებენ ცეცხლის შემდგომი გავრცელების აღსაკვეთად და ხანძრის ჩასაქრობად. გუბერნატორი ხანძრის გამომწვევ მიზეზზე არ საუბრობს. თავის მხრივ, ანექსირებული ყირიმის პრორუსული ვებგვერდი ЧП/Крым წერს, რომ კრასნოდარის მხარეში, ტამანის პორტში უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატით დაარტყეს საწვავით სავსე ცისტერნას. ვოლნა ტამანის სასოფლო გაერთიანების შემადგენლობაშია.