თეგი: ნახიჩევანი

ევროკავშირი და აზერბაიჯანი ნახიჩევანის რკინიგზის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევაზე შეთანხმდნენ

ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკის საკითხების გენერალური დირექტორატის ცნობით, ევროკავშირი და აზერბაიჯანი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად შეთანხმდნენ, დაიწყონ ნახიჩევანის რკინიგზის პროექტის განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარება, რაც „აზერბაიჯანსა და ფართო რეგიონში მობილობისა და ეკონომიკური ნაკადების გასაუმჯობესებლად, საკვანძო ინვესტიციაა.“  დირექტორატის მიერ გავრცელებულ ცნობაში წერია, რომ ეს რკინიგზა წარმოადგენს უფრო ფართო ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის ნაწილს, რომლის მიზანია ევროპისა და ცენტრალური აზიის დაკავშირება 15-დღიანი სატრანზიტო ვადის ფარგლებში. თავის მხრივ,  აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი რაშად ნაბიევი ამბობს, რომ ევროკომისიის გენერალური დირექტორი სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში ხერტ იან კოოპმანიბაქოში იმყოფებოდა და მასთან შეხვედრაზე განიხილეს ნახიჩევანის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება და ამ მიმართულებით ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის მომზადების დაწყება.  მისივე თქმით, ასევე გაცვალეს მოსაზრებები შუა დერეფნის პოტენციალის გაძლიერების თაობაზე. მინისტრის ინფორმაციით, იმსჯელეს „ზანგეზურის დერეფნის“ ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელში (TEN-T) ჩართვასთან დაკავშირებითაც.  

ირანმა აზერბაიჯანის ნახიჩევანის აეროპორტზე დრონით თავდასხმა განახორციელა - ბაქო

5 მარტს, ირანმა ნახიჩევანის აეროპორტზე დრონით თავდასხმა განახორციელა. Report-ის ადგილობრივი ბიუროს ცნობით, ირანში წარმოებული დრონი აეროპორტის შენობას შეეჯახა. „აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ არ დაუშვებს მისი ტერიტორიის გამოყენებას ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებისთვის, თუმცა ბაქომ მაინც განიცადა თავდასხმა ირანის მხრიდან,“ - წერს Report-ი. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში ირანის დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. „5 მარტს, დაახლოებით შუადღისას, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაზე დრონებით თავდასხმები ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიიდან განხორციელდა,“ - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში. მისივე თანახმად, ერთი დრონი ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში აეროპორტის ტერმინალის შენობას დაეცა, ხოლო მეორე დრონი სოფელ შაქარაბადში სკოლის შენობასთან ახლოს ჩამოვარდა. „ჩვენ მკაცრად ვგმობთ ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიიდან განხორციელებულ ამ დრონებით თავდასხმებს, რამაც აეროპორტის შენობა დააზიანა და ორი მშვიდობიანი მოქალაქე დააზიანა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე განხორციელებული ეს თავდასხმა საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების დარღვევას წარმოადგენს და რეგიონში დაძაბულობის გაზრდას ემსახურება. ჩვენ მოვითხოვთ ირანის ისლამური რესპუბლიკისგან, რაც შეიძლება მოკლე ვადაში მოგვაწოდოს ნათელი ახსნა-განმარტება საქმესთან დაკავშირებით, ჩაატაროს შესაბამისი გამოძიება და მიიღოს აუცილებელი სასწრაფო ზომები, რათა უზრუნველყოს, რომ მსგავსი თავდასხმები მომავალში აღარ განმეორდეს,“ - ნათქვამია განცხადებაში. აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ იტოვებს უფლებას, მიიღოს შესაბამისი საპასუხო ზომები. „ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, მოჯტაბა დემირჩილოუ გამოიძახეს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც ირანულ მხარეს გადაეცემა მკაცრი პროტესტი და წარედგინება შესაბამისი საპროტესტო ნოტა,“ - განმარტა სამინისტრომ.