თეგი: ნიდერლანდების სამეფო
საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ირაკლი ღარიბაშვილმა და მარკ რუტემ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, საქართველოს ევროინტეგრაცია და ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ასოცირებული ტრიოს - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე წარდგენილ განაცხადებს და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის დადებითი გადაწყვეტილება წარდგენილ განაცხადებთან დაკავშირებით, დამატებითი სტიმული იქნება რეფორმების წარმატებით გაგრძელებისთვის და ევროკავშირთან ურთიერთობაში ახალი ეტაპის დასაწყისი გახდება. პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ამ პროცესში საქართველოს ნიდერლანდების სამეფოს მხარდაჭერა ექნება. საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს და შედეგად რეგიონში შექმნილ რთულ უსაფრთხოების გარემოს. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სოლიდარობა და პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინისადმი, მათ შორის მრავალმხრივ ფორმატებში და ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივი ძალისხმევის აუცილებლობას ვითარების დეესკალაციისა და ომის რაც შეიძლება მალე დასრულებისთვის. პრემიერ-მინისტრებმა ასევე განიხილეს უსაფრთხოების კუთხით საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები, მათ შორის ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობა. მარკ რუტემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ნიდერლანდების სამეფოს ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
ოთარ შამუგია ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მააიკე ვან კოლდამს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მააიკე ვან კოლდამს შეხვდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ნიდერლანდების სამეფოს მხარდაჭერით საქართველოში განხორციელებული პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. „სამინისტროს თანადაფინანსებით, შემნახველი და გადამმუშავებელი საწარმოების განვითარების არაერთი პროექტი ხორციელდება; გვაქვს კოოპერატივების მხარდამჭერი პროგრამებიც, რომელიც ხარისხიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდას უწყობს ხელს“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ. მააიკე ვან კოლდამმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მებაღეობისა და მერძევეობის მიმართულებით 20 ქართველი ტრენერი გადამზადდა, რომლებიც შემდგომში კვალიფიციურ დახმარებას გაუწევენ ქართველ ფერმერებს და საერთაშორისო პრაქტიკას გააზიარებენ. როგორც ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა განაცხადა, ნიდერლანდების მთავრობა მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას ქვეყნისთვის პრიორიტეტული სფეროების დასაფინანსებლად. აღინიშნა, რომ საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წელი შესრულდა, რაც მნიშვნელოვანი თარიღია. სამინისტროში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდა.
ნიდერლანდების სამეფო: ჰოლანდიურ-ქართული ურთიერთობა ძლიერია და ვაფასებთ ჩვენს მჭიდრო კავშირებს
ჰოლანდიურ-ქართული ურთიერთობა ძლიერია და ვაფასებთ ჩვენს მჭიდრო კავშირებს, - ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს. „დღეს საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობის 30 წელი შესრულდა. ჰოლანდიურ-ქართული ურთიერთობა ძლიერია და ვაფასებთ ჩვენს მჭიდრო კავშირებს. ველოდებით ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებას. საქართველო და ნიდერლანდების სამეფო დღეს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების 30 წლისთავს აღვნიშნავთ“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: ილია დარჩიაშვილი: 30 წლის წინ, საქართველომ დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები ნიდერლანდების სამეფოსთან, ჩვენი ქვეყნები მჭიდრო მეგობრები არიან
შალვა პაპუაშვილი ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოს ეწვევა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 5-8 დეკემბერს, ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოს ეწვევა. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, პაპუაშვილი ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტ ვერა ბერგკამპს და სენატის პრეზიდენტ იან ბრუაინს შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა სისხლის სამართლის სფეროში ევროკავშირის სამართლებრივი თანამშრომლობის სააგენტოს (EUROJUST) პრეზიდენტ ლადისლავ ჰამრანთან. პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრას გამართავს ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატის სპიკერ ფერნანდ ეტგენთან. პრესსამსახურის ცნობით, ორმხრივი შეხვედრები ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატის წარმომადგენლებთან გაიმართება.