თეგი: ნიკა გვარამი

ერთ აგენტს მეორე აგენტი შეაწყალებინეს - კობახიძე გვარამიას შეწყალებაზე

ფაქტობრივად, ასეთი რაღაც მოხდა, რომ ერთ აგენტს შეაწყალებინეს მეორე აგენტი, - ასე აფასებს „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ. „პრეზიდენტი ამას არ გააკეთებდა, ამ ნაბიჯს არ გადადგამდა, თუმცა სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ეთანხმება იმას, რასაც მასზე ამბობდა ნიკა გვარამია, თავის დროზე. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. რეალურად, მან დაადასტურა, რომ იზიარებს იმ შეფასებას, რომელსაც მის მიმართ აკეთებდა აკეთებდა ნიკა გვარამია. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. ფაქტობრივად, ასეთი რაღაც მოხდა - ერთ აგენტს შეაწყალებინეს მეორე აგენტი. ამით დასტურდება კიდევ ერთი რამ, რომ არიან ძალები, რომლებსაც საქართველოში სურთ პოლარიზაციის გაღვივება და ეს არის ძალიან სამწუხარო“, -განაცხადა კობახიძემ. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია შეიწყალა. ნიკა გვარამიამ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულება გვიან ღამით დატოვა. ზურაბიშვილმა ხსენებული გადაწყვეტილება ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა მას შემდეგ, რაც 19 ივნისის განჩინებით, უზენაესმა სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი დაუშვებლად ცნო. გადაწყვეტილებას წინ უძღვის ევროკომისიის ზეპირი მოხსენების გამოქვეყნება, რომელშიც მედიაპლურალიზმის ნაწილში შეუსრულებელ რეკომენდაციებზეა საუბარი. პრეზიდენტის თქმით, ის არ აპირებს, გადაწყვეტილების თაობაზე ახსნა-განმარტების გაკეთებას, რადგან შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა. „დღეს მოვაწერე ხელი ნიკოლოზ გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად სარჩელი. ამ გადაწყვეტილებაზე არ ვაპირებ, რომ რამე ახსნა-განამრტება გაგიზიაროთ, რამეთუ ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც ვიყენებ დღეს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე. 2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა. განაჩენი ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს.