თეგი: ნიკოლას ბერნსი

რუსი და ამერიკელი დიპლომატები პეკინში გამართული ფორუმის დროს დებატებში მონაწილეობდნენ

„რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინაში არის ყველაზე დიდი საფრთხე მსოფლიო წესრიგისთვის“, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა ნიკოლას ბარნსმა პეკინში გამართულ ფორუმზე განაცხადა. CNN-ი წერს, რომ ეს იყო იშვიათი მოვლენა, რომლის დროსაც ბარნსი რუს კოლეგასთან ერთად დებატებში მონაწილეობდა. „რუსეთმა არაპროვოცირებულად დაიწყო ეს ომი. ამდენი უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა უკრაინაში - ეს არის გაეროს წესდების პირდაპირი დარღვევა - წესდების, რომელსაც რუსეთის ფედერაციამ თავად მოაწერა ხელი, როდესაც ის წევრი ქვეყანა გახდა“, - განაცხადა ბერნსმა. საპასუხოდ, რუსეთის ელჩმა ჩინეთში, ანდრეი დენისოვმა გაერო „დივერსიაში“ დაადანაშაულა და განაცხადა, რომ სწორედ მის გამოა „მსოფლიო წესრიგი უფსკრულის პირას“. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ გაერთიანებული სამეფოს ელჩი ჩინეთში, კეროლინ უილსონი და საფრანგეთის ელჩი, ლორან ბილი. „ომზე მთავარი პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. NATO არის წმინდა თავდაცვითი ალიანსი. NATO მოქმედებდა განსაკუთრებული თავშეკავებით რუსეთთან მიმართებით“, - განაცხადა თავის მხრივ, კეროლინ უილსონმა. დასავლური მედია ხაზს უსვამს, რომ რუსეთის მიერ წარმოებული ომი დიპლომატებმა ფორუმის დროს, ჩინეთში დაგმეს - ეს კი მაშინ, როცა ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ არც დაგმო რუსეთის აგრესია და მას შეჭრაც კი არ უწოდა.