თეგი: ნიკო ფაშინიანი
ფაშინიანი ბურჭულაძესთან შეხვედრაზე: სომხეთი საქართველოსთან თანამშრომლობის გაფართოებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა დღეს, 17 ნოემბერს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ხელმძღვანელობით, დელეგაცია მიიღო. ინფორმაციას ფაშინიანის ოფისი ავრცელებს. ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება და რომ ფიქსირდება თანამშრომლობის გაფართოება სხვადასხვა სფეროში. „ეს დიდად მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია სომხეთის მთავრობისთვის,“ - განაცხადა ფაშინიანმა. სომხეთის პრემიერის ოფისის ცნობით, ბურჭულაძემ, თავის მხრივ, ისაუბრა სომხეთის თავდაცვის სამინისტროსთან ურთიერთობაზე და ამ სფეროში განხორციელებულ რეფორმებს გაუსვა ხაზი. „შეხვედრაზე განიხილეს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისა და გამოცდილების გაცვლის, ასევე, რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის საკითხები,“ - წერს სომხური მედია ფაშინიანის ოფისის ინფორმაციაზე დაყრდნობით. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძე სომეხ კოლეგას სურენ პაპიკიანს შეხვდა. ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო მიმოიხილეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივის ფარგლებში, საქართველო მზად არის, გააგრძელოს რეგიონში მშვიდობის პროცესის ხელშეწყობა. „მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში მიმდინარე და მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრის შემდეგ, ჯუანშერ ბურჭულაძემ და სურენ პაპიკიანმა ხელი მოაწერეს უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.