თეგი: ოლეგ სერებრიანი
საქართველოს სამუშაო ვიზიტით მოლდოვის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ეწვევა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის მოწვევით, 30-31 იანვარს, საქართველოს სამუშაო ვიზიტით მოლდოვის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი რეინტეგრაციის საკითხებში, ოლეგ სერებრიანი ესტუმრება. სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და მოლდოვის რესპუბლიკის რეინტეგრაციის ბიუროს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ასევე ურთიერთობების განვითარება საქართველოს მთავრობის სხვა შესაბამის უწყებებთან და სამომავლო თანამშრომლობის ნაბიჯების დასახვა. „ვიზიტის ფარგლებში მოლდოვის ვიცე-პრემიერი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის სხვა წევრებთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხთა დროებითი კომისიის ხელმძღვანელთან და სხვა პარლამენტარებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან. ვიზიტი აგრეთვე ითვალისწინებს ცხინვალის რეგიონის მიმართულებით საოკუპაციო ხაზის მონახულებას. შეხვედრების ფარგლებში იგეგმება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს გამოცდილების გაზიარება და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის მიმდინარეობის გაცნობა, ასევე ინფორმაციის გაცვლა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და მოლდოვის რესპუბლიკის დნესტრისპირეთის რეგიონში არსებული ვითარების თაობაზე”, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
რა საკითხები განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილმა და მოლდოვის ვიცე-პრემიერმა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოლდოვის ვიცე-პრემიერს რეინტეგრაციის საკითხებში ოლეგ სერებრიანს შეხვდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს. ხაზი გაესვა სხვადასხვა მიმართულებით ორი ქვეყნის შესაბამისი უწყებების წარმატებულ თანამშრომლობას და გამოითქვა არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა. ხაზი გაესვა კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკისადმი საქართველოს მთავრობის ერთგულება. პრემიერ-მინისტრმა და მოლდოვის ვიცე-პრემიერმა დაადასტურეს მტკიცე ურთიერთმხარდაჭერა ორი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში.საუბარი ასევე შეეხო ასოცირებული ტრიოს ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს. ყურადღება გამახვილდა ევროპული საბჭოს რეკომენდაციების შესრულებაზე, უკვე გადადგმულ ნაბიჯებსა და სამოქმედო გეგმაზე. შეხვედრაზე განიხილეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. ხაზი გაესვა არსებული გამოწვევების დასაძლევად ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობას. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი რუსლან ბოლბოჩანი, რეინტეგრაციის პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილე ეუგენ კარა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.